ირაკლი ქადაგიშვილი - მოვუწოდებ ოპოზიციას, გაბედეთ და დაიკავეთ ეროვნული პოზიცია, მოვაწესრიგოთ ჩვენი მომავალი თაობის ცხოვრება, რაც გაბედა ინგლისის პრემიერმა, გაბედოს ქართულმა ოპოზიციამაც
დღეს აქტიური განხილვის საგანია უმრავლესობის მიერ წამოყენებული ინიციატივა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ჩვენი საზოგადოება დაცული იყოს ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან, რომელიც ლგბტ პროპაგანდაში გამოიხატება და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომავალ თაობას, მოზარდებს, ბავშვებს, რომლებიც ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფია ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ეს მსოფლიო მასშტაბის დისკუსიაა და თქმა, რომ საქართველოს ასეთი პრობლემები არ ეხება და არ შეეხება, მხოლოდ თავის მოტყუებაა.
მისი თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში საქართველომ მიიღო სრულყოფილი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომლითაც ერთხელ და სამუდამოდ, რეალურად არის დაცული ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის, არატრადიციული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებები. თუმცა, ამავდროულად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რომ დაცული იყოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის უფლება, რომ მათ შვილები გაზარდონ მშვიდ, წყნარ და კომფორტულ გარემოში.
„თვით ინგლისის პრემიერ-მინისტრსაც მოუწია იმის ხმამაღლა დეკლარირება, რომ ქალი ქალია და კაცი – კაცი, აქ იგულისხმება ბავშვობიდან დაწყებული და მშობლობამდე დამთავრებული. დროზე თუ მივიღებთ ისეთ კანონებს, რომლებიც იცავს ყველა ადამიანის უფლებას და მათ შორის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის, ოჯახის და, რაც მთავარია, ბავშვების და მოზარდების ინტერესს იცავს, რომ მათი განვითარება ნორმალურ პირობებში მოხდეს, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ყველა მიმართულებით. განსაკუთრებით ჩვენი მომავალი თაობისათვის. ჩვენ პატარა ერი ვართ, ამიტომ ჩვენთან სიჯანსაღე ყველა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად მოვუწოდებ ოპოზიციას, გაბედეთ ამ საკითხში მაინც დაიკავეთ ეროვნული პოზიცია. თავის დროზე ჩვენ კონსტიტუციით მოვაწესრიგეთ ოჯახის საკითხი, ამას ძალიან დადებითი შედეგი აქვს საქართველოსთვის. დღესაც მოვაწესრიგოთ ჩვენი მომავალი თაობის ცხოვრება და რაც გაბედა ინგლისის პრემიერ-მინისტრმა, გაბედოს ქართულმა ოპოზიციამაც“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ირაკლი ქადაგიშვილის სიტყვით გამოსვლას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.