ირაკლი ქადაგიშვილი - ნიკა მელია, ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ალბათ პარტიიდან წავლენ, საარჩევნოდ „ნაცმოძრაობაში“ თავს მოიყრიან ყველაზე რადიკალურად განწყობილი ადამიანები
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ხვდება, რომ მომავალ არჩევნებში მათ რაიმე წარმატების მიღწევის არანაირი შანსი არ აქვთ.
„მათი ანგაჟირებული ნაწილი შეეცდება, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანდეს. თუ გაერთიანდებიან, ვაშაძეს იგივე წილი ექნება, რაც მისი რეალური რეიტინგია – დაახლოებით ორი პროცენტი“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის თქმით, ნიკა მელია, ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სავარაუდოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ დატოვებენ და საარჩევნოდ პარტიაში თავს მოიყრიან ყველაზე რადიკალურად განწყობილი ადამიანები.
„„ნაციონალურ მოძრაობაში“ რღვევის პროცესი მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა. ალბათ ნიკა მელია პარტიიდან წავა და ეს იქნება არა მხოლოდ მელიას წასვლა, არამედ ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც წავლენ. საარჩევნოდ „ნაცმოძრაობაში“ თავს მოიყრიან ყველაზე რადიკალურად განწყობილი და უპრინციპო ადამიანები, რადგან მათი საარჩევნო სტარტი ამაზე მეტყველებს. საპენსიო ასაკის 60 წლამდე ჩამოწევაზე საუბრობენ, რაც პოპულიზმის მწვერვალიც არაა, ამასაც გადაახტნენ. ამიტომ ვერცერთი ნორმალური პოლიტიკოსი ასეთ პოპულისტურ ლოზუნგს ხელს ვერ მოაწერს“, – განუცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს.
ცნობისთვის, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაადასტურეს „სტრატეგია აღმაშენებელთან“ მოლაპარაკებები და საარჩევნო ერთობას არ გამორიცხავენ.