ირაკლი ქადაგიშვილი - მცდელობაა, რომ ბიჭვინთის აგარაკების საკითხი შიდა პოლიტიკური ბრძოლისთვის იყოს გამოყენებული, აქუბარდიასა და სხვებს სურთ, პარლამენტი შეკრიბონ და ერთი ამბავი ატყდეს
ბიჭვინთის აგარაკების თემაზე პარლამენტის შეკრება და რეზოლუციის მიღება შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის აქტივიზაციაა, რადგან ამას არც საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი მოჰყვება და არც რაიმე იურიდიული დატვირთვა ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ამას ოპოზიცია მხოლოდ სიტუაციის ესკალაციისთვის და „ქართული ოცნების“ დადანაშაულებისთვის გამოიყენებს.
„ოპოზიცია იტყვის, რომ ოკუპაციის გაგრძელება ჩვენი ბრალია. აქუბარდიასა და სხვებს მეტი საქმე არ აქვთ, უნდათ, პარლამენტი შეკრიბონ და ამაზე ერთი ამბავი ატყდეს. ადგილი აქვს ოკუპაციას და ოკუპაციის დროს მიღებული ყველა სამართლებრივი აქტი საერთაშორისო სამართლით ბათილად არის აღიარებული, რასაც საქართველოს სახელმწიფო ყოველ ჯერზე აფიქსირებს. საქართველოს განცხადებასთან დაკავშირებით ვნახეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გაცხადება რაც არის, ამის იქით აშშ ვერაფერს გააკეთებს, რომ არაფერი ვთქვათ სხვა ქვეყნებზე. ყველამ იცის, რომ საქართველო ოკუპაციის პირობებში ვერაფერს შეცვლის, მაგრამ არის მცდელობა, საკითხი შიდა პოლიტიკური ბრძოლისთვის იყოს გამოყენებული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.