ირაკლი ქადაგიშვილი - მცდელობა იყო, პოლიტიკურ ჯგუფს ივანიშვილი ჩაეწერა როგორც ოლიგარქი, სანქცირებული პირი, ბოლოს ზოგადი განცხადებით შემოიფარგლნენ, ვერ მოჰყავთ ვერანაირი არგუმენტი და ფაქტი
ირაკლი ქადაგიშვილი - მცდელობა იყო, პოლიტიკურ ჯგუფს ივანიშვილი ჩაეწერა როგორც ოლიგარქი, სანქცირებული პირი, ბოლოს ზოგადი განცხადებით შემოიფარგლნენ, ვერ მოჰყავთ ვერანაირი არგუმენტი და ფაქტი

ჩანაწერები გადღაბნილია, არაფრისმთქმელია, შინაარსობრივად და სამართლებრივად აბსოლუტურად დაცლილია და პოლიტიკური პროპაგანდის ხასიათს ატარებს, – ასე შეაფასა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული შესწორებები.

„მცდელობა იყო, რომ იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც თავიდანვე მანკიერი პოლიტიკური ინტერესი ჰქონდა, ბიძინა ივანიშვილი ჩაეწერა როგორც ოლიგარქი და სანქცირებული პირი. ბოლოს კი, ზოგადი განცხადებით შემოიფარგლნენ. მათაც, ვისაც ეს მანკიერი პოლიტიკური ინტერესი ჰქონდათ, ვერ მოჰყავთ ვერანაირი სამართლებრივი არგუმენტი და ფაქტი. უბრალოდ, მათ აქვთ ერთგვარი პოლიტიკურ-მორალური რევანშის სურვილი. ამიტომაცაა, რომ ჩანაწერები ასეთი გადღაბნილია, არაფრისმთქმელია, შინაარსობრივად და სამართლებრივად აბსოლუტურად დაცლილია და პოლიტიკური პროპაგანდის ხასიათს ატარებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით 9 ნოემბერს მიიღო. ანგარიშს მხარი დაუჭირა 47 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო ხუთი, ორმა კი თავი შეიკავა.