ირაკლი ქადაგიშვილი - მანდატების გაუქმებისგან თავის შეკავებით, დესტრუქციულად განწყობილ პოლიტიკურ ჯგუფებს არ ვაძლევთ ესკალაციის საშუალებას
საქართველოს ამომრჩეველი და ასევე ჩვენი ყველა მეგობარი და საერთაშორისო პარტნიორი გვეუბნება, რომ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რათა პოლიტიკური დიალოგი გაგრძელდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილებით, რომლითაც საპარლამენტო უმრავლესობამ მანდატების გაუქმებისგან დღეს თავი შეიკავა, დესტრუქციულად განწყობილ პოლიტიკურ ჯგუფებს დესტრუქციის შემდგომი ესკალაციის საშუალება არ ექნებათ.
„საპარლამენტო სასახლე, ეს დარბაზი ალბათ ძალიან ბევრი ისტორიული პერიპეტიის მომსწრეა და დღეს როდესაც ვფიქრობ საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე, ჩვენ შევძელით და საქართველო ახალი კონსტიტუციით, პარლამენტარიზმის განვითარების ახალ გზაზე დგას და ეს გზა ნამდვილად შეუვალია, შეუქცევადია და ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმა მისცა პარლამენტში დეპუტატობის კანდიდატებს და ყველა ის პარლამენტარი, ვინც ხალხის მიერ იქნა არჩეული, აქ მათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ პარლამენტარს, მიუხედავად იმისა, როგორია მათი პირადი დამოკიდებულება ამა თუ იმ პარლამენტარის უფლებამოსილების შეწყვეტა არ შეწყვეტასთან დაკავშირებით.
„ჩვენი ამოსავალი მაინც არის ის, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას განვითარების ამ ძალიან მნიშვნელოვან და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მეც და საპროცედურო კომიტეტმა მივიღეთ რეგლამენტიდან გამომდინარე სწორი გადაწყვეტილებები, ანუ დავადასტურეთ იმ 51 დეპუტატის ნება, რომ შეწყვეტოდათ უფლებამოსილება და ჩვენ მაინც მიგვაჩნია, ეს მსჯელობა გუნდში ამ ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა პარლამენტარიზმის, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი და დემოკრატიისადმი ასეთი დამოკიდებულება, საბოტაჟის დამოკიდებულება, არ გავხადოთ ნორმა. პირიქით, ამას, როგორც ჩვენი ამომრჩეველი, პირველ რიგში და საერთოდ, საქართველოს ამომრჩეველი და ამავდროულად, როგორც ჩვენი ყველა მეგობარი და საერთაშორისო პარტნიორი გვეუბნება, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რათა პოლიტიკური დიალოგი გაგრძელდეს. ის, რაც სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური კულტურისთვის იყო დამახასიათებელი, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, დღეს ეს არ არის აქტუალური. დღეს ჩვენი ამომრჩეველი ითხოვს, რომ ძალიან მაღალი, ევროპული, კულტურული პოლიტიკის სტანდარტებით ვიმოქმედოთ.
გამომდინარე აქედან, მიმაჩნია, რომ სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე მივედით დღეს და არ ვაძლევთ დესტრუქციულად განწყობილ პოლიტიკურ ჯგუფებს, ამ დესტრუქციის შემდგომი ესკალაციის საშუალებას. ამიტომ, მოვუწოდებ ჩვენს გუნდს, ჩვენს ამომრჩეველს, რომ ვიყოთ ერთად და მტკიცედ ჩვენს გადაწყვეტილებებში, რამეთუ ეს ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებში შედის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.