ირაკლი ქადაგიშვილი - კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკური ზემოქმედების მიზნით გაკეთდა განცხადებები, რომლის უკან სიცარიელეა
სიტყვა„უხეირო“ ალბათ ნიშნავს, რომ უხეიროდ იყო კონგრესმენების განცხადებები დასაბუთებული. ძირითადად ეს იყო კლიშეები, პოლიტიკური ზემოქმედების მიზნით გაკეთებული განცხადებები, რომლის უკან სიცარიელეა, – ამის შესახებ საპარლამენტოს უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილი გამოეხმაურა კონგრესმენ თომას კინის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის ამბობს: „უცხოური აგენტის კანონპროექტის შესახებ დებატების დროს „ქართული ოცნების“ ლიდერი სასტიკი შურისძიებით დაემუქრა თავის პოლიტიკურ ოპონენტებს სიტყვით გამოსვლისას, რომელიც შესაფერისი იქნებოდა უხეირო დიქტატორისთვის და არა აშშ-ის პარტნიორისთვის“.
ქადაგიშვილის თქმით, საქართველო თავს იცავს, ცდილობს, ქვეყნის ინტერესები წინ დააყენოს და ამით ღიზიანდებიან.
„ნათქვამია, კაცი ათასად შეფასდა და ზრდილობა ათიათასადო. რამდენიმე ჟურნალისტი ხართ, რომლებიც, დიქტატურის პირობებში, 24 საათი მაუწყებლობთ. რამდენიმე ათეული პარტიაა, რომლებიც, დიქტატურის პირობებში, როცა გაუხარდებათ, რამდენი აქციაც უნდათ, იმდენს აწყობენ. საერთაშორისო რეიტინგებით დასტურდება, რომ საქართველო გამოხატვის მაჩვენებლებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ალბათ სიტყვა „უხეირო“ ნიშნავს იმას, რომ უხეიროდ იყო კონგრესმენების განცხადებები დასაბუთებული. ძირითადად ეს იყო კლიშეები, პოლიტიკური ზეწოლის მიზნით გაკეთებული განცხადებები, რომლის უკან სიცარიელეა.
საერთაშორისო კვლევებით, ქვეყანა მოწინავეა ყველა მაჩვენებლით – დემოკრატია იქნება, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები თუ სხვა. ამ შემთხვევაში საქართველოს მიმართ არის საწინააღმდეგო ინტერესები. საქართველო თავს იცავს და ცდილობს, ქვეყნის ინტერესები წინ დააყენოს. რა თქმა უნდა, ამით ღიზიანდებიან. ობიექტური სურათის მიუხედავად, ასეთი ეპითეტებით, დაუსაბუთებელი, ხშირ შემთხვევაში არასწორი ფრაზების თქმით ცდილობენ, ვითარება დაძაბონ. ამის ერთადერთი მიზანია, რამენაირად ამ მართლაც უხეირო ოპოზიციას რაიმე ხეირი შემატონ. ყველა სანქციას თავისი დასაბუთება აქვს. საქართველოს მიმართ სანქციას რა დასაბუთება უნდა ჰქონდეს? არ მინდა, რომ ამერიკა, საბოლოო ჯამში, იმას დაემსგავსოს, რისგან გათავისუფლებისთვის საქართველო ყოველთვის იბრძოდა და ყოველთვის იბრძოლებს. ამას ქართველი ხალხი ხედავს. ოპოზიციას რომ უხარია, ამ განცხადებებით მას რაიმე ხეირი ვერ ექნება, რადგან ხალხს ნანახი აქვს, როგორ შეიძლება ქვეყნის ეროვნული ინტერესები ფეხქვეშ იყოს გათელილი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.