ირაკლი ქადაგიშვილი - კასიანოვმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა, დიპლომატი ასეთ განცხადებას დამოუკიდებლად ვერ აკეთებს, საკუთარი სახელმწიფოსგან მიიღო დავალება
„ბუკის“ სისტემის შეიარაღება საქართველომ 2008 წლის ომამდე, 2007 წელს შეიძინა და ამაში შესაბამისი თანხა გადაიხადა. ეს იყო შესყიდვა და არა – გადმოცემა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილი გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა. სტატიის თანახმად, მოთხოვნა მოიცავდა „ჯაველინის“ სისტემებსაც.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კასიანოვმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა.
„შეიძლება ითქვას, რომ კასიანოვმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა. გასაგებია, რომ დიპლომატი ჩინოვნიკი ასეთ განცხადებას დამოუკიდებლად არ და ვერ აკეთებს. მან ამ განცხადების გასაკეთებლად საკუთარი სახელმწიფოსგან მიიღო დავალება. სულ მცირე, რამდენიმე კაზუსთან გვაქვს საქმე. „ბუკის“ სისტემის შეიარაღება საქართველომ 2008 წლის ომამდე, 2007 წელს შეიძინა და ამაში შესაბამისი თანხა გადაიხადა. ეს იყო შესყიდვა და არა – გადმოცემა. რაც შეეხება აშშ-სგან შეძენილ „ჯაველინებს“, საქართველომ ისიც ოფიციალურად შეიძინა და მასშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი გადაიხადა. არავის არაფერი გადმოუცია, მოხდა ამის შესყიდვა. რა თქმა უნდა, აშშ-ის შესაბამისი ნებართვა იყო და საქართველომ ამ ნებართვის საფუძველზე შეირაღება ოფიციალურად შეიძინა. ეს არანაირად არ არის დაკავშირებული 2008 წელთან, ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარე ომთან.
მანიპულირება ხდება. როდესაც საქართველოს დღესაც კი სთხოვ, იარაღი მომაწოდე, ამით ფაქტობრივად ადასტურებ იმ თეზისს, რომ დაინტერესებული ხარ ამ ომში საქართველო იარაღის მიწოდების კუთხით კონკრეტულ მხარედ, ანუ საბრძოლო მოქმედებების თანამონაწილედ გამოჩნდეს. საქართველო რომ არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდამჭერი და რუსულ აგრესიას გმობს, ისედაც აღიარებული ფაქტია.
რაც შეეხება კასიანოვის განცხადების იმ ნაწილს, რომ აშშ-ს თურმე საქართველოს მიმართ ჰქონდა მოთხოვნა, უკრაინისთვის „ჯაველინები“ გადაეცა, ხოლო საქართველოს სხვა, ახალ იარაღს მისცემდა, გამოდის, ეს განცხადება ურტყამს აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას – ჩვენ საქართველოს არ მოვუწოდებთ იქითკენ, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან ომის პროვოცირების საბაბი შეიძლება გახდესო. რა ლოგიკაა, ანუ ჩვენ შეიარაღების გარეშე უნდა დავრჩეთ. ყველა შეიარაღება უკრაინაში აშშ-დან მოდის და თუ უკეთესი შეიარაღება აქვთ, პირდაპირ უკრაინას გადასცეს. გაიხსენეთ, ნატო-ს წევრ, ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებს უკრაინისთვის საბჭოთა ტიპის იარაღი რომ მიეწოდებინათ, დრო, სიფრთხილე და წინასწარი გარანტია მოითხოვეს აშშ-სგან. ამ სიტუაციაში ნატო-ს წევრი ქვეყნების მდგომარეობა და რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს მდგომარეობა ერთმანეთს არ უნდა შევადაროთ. საქართველო სულ სხვა პასუხისმგებლობისა და სხვა დარტყმების ქვეშ მყოფი სახელმწიფოა – ჩვენ არც ნატო და არც არავინ გვიცავს. აქ რომ რამე მოხდეს, ჩვენი თავის გარდა, ჩვენი დამცველი არავინაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.