ირაკლი ქადაგიშვილი - „კანვასისა“ და მაიდანიზაციის გეგმაა, ხელისუფლება ჩამოიშალოს, ფსევდორევოლუციონერებში გაღიზიანებას იწვევს, რომ ხელისუფლება თავის უფლებამოსილებას ასრულებს
„კანვასისა“ და მაიდანიზაციის გეგმაა, რომ ხელისუფლება უნდა ჩამოიშალოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ფსევდორევოლუციონერებში უკიდურესს გაღიზიანებას იწვევს, როცა ხელისუფლება აგრძელებს თავისი უფლებამოსილების შესრულებას.
„ისინი ემუქრებიან ყველას, იქიდან გამომდინარე, რომ „კანვასისა“ და მაიდანიზაციის გეგმაა, რომ ხელისუფლება უნდა ჩამოიშალოს. როცა ხელისუფლება არ ჩამოიშალა და თავისი უფლებამოსილების შესრულებას ახორციელებს, ეს მათში, ამ ფსევდორევოლუციონერებში უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს. ეს ბოროტი მუქარაც ამ ჩავარდნილი რევოლუციის ლიდერებიდან წამოსული ღვარძლია“, – განუცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს გუბაზ სანიკიძის განცხადების შეფასებისას.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „არაფერი შეგეშალოთ, „ქოცებო“, ფრთხილად იყავით, ორლულიანი თოფების აჯანყება არ მიიღოთ, ფიზიკური დანდობა არ იქნება“.