ირაკლი ქადაგიშვილი - კახეთის მუნიციპალიტეტების პრობლემებს კარგად ვიცნობ, მესმის, რა რეფორმებია გასატარებელი, რათა რეგიონული განვითარება მოქალაქეების ინტერესებზე იყოს მორგებული
თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოთხივე მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს კარგად იცნობს და გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა, რაც პარლამენტის წევრს აკისრია.
„კარგად ვიცნობ ოთხივე მუნიციპალიტეტის როგორც მცხოვრებლებს, ასევე პრობლემებს. მესმის ის პასუსიხმგებლობა, თუ რას ნიშნავს პარლამენტის წევრი იყო. რამდენიმე მიმართულებით ვიმუშავებ. ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხელის შეწყობა, რადგან კახეთისთვის ეკონომიკის წამყვანი მიმართულებაა. კარგად მესმის, თუ რა რეფორმებია გასატარებელი, რათა თვითმმართველობა და რეგიონული განვითარება მოქალაქეების ინტერესებზე იყოს მორგებული.
ასევე, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გამოსწორდეს და ეკონომიკური აღმავლობა შეუქცევადი გახდეს. ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის ფუნქცია იქნება, კონკრეტული საკანონმდებლო ნაბიჯები გადავდგა, რაც მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებას ხელს შეუწყობს. კერძოდ, ისეთი რეფორმები და კანონები იყოს მიღებული, რაც ეკონომიკას განავითარებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ირაკლი ქადაგიშვილი თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს.