ირაკლი ქადაგიშვილი გურჯაანში ინოვაციების რეგიონული ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნო
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი ქალაქ გურჯაანში ინოვაციების რეგიონული ცენტრის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
„ჩვენი ქვეყნისთვის განათლება და ახალგაზრდობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კახეთის რეგიონში ორი ტექნოპარკი – ქალაქ ახმეტასა და ქალაქ თელავში, უკვე გაიხსნა, რეგიონული ინოვაციების ცენტრი, რომელიც გურჯაანში შენდება, რეგიონისთვის მესამე იქნება, რაც ახალგაზრდებისთვის, მათი ინტერესების შესაბამისად, ახალი მიზიდულობის ცენტრი გახდება“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ინოვაციების ცენტრი ახალგაზრდებს მისცემს საკუთარი იდეების რეალიზაციის შესაძლებლობას.
„ძალიან მნიშვნელოვანია გურჯაანისთვის ინოვაციების ცენტრის მშენებლობა. ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, ეზიარონ ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიას, რომელზე წვდომაც დღეს, სამწუხაროდ შეზღუდულია. ეს იქნება შესაძლებლობა, მოახდინონ თავიანთი იდეებისა და ცოდნის რეალიზაცია“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
ინოვაციების რეგიონული ცენტრის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და პროექტის ჯამური ღირებულება ორი მილიონ 400 ათას ლარს შეადგენს.