ირაკლი ქადაგიშვილი - გლობალური ომის პარტიის ინტერესებში არ შედის, რომ საქართველო მშვიდობას, განვითარებას ინარჩუნებს, ამის ლუსტრაციაა დაუოკებელი ჟინი, ფარული ფულით გადატრიალება წაახალისონ
გლობალური ომის პარტიის ინტერესებში არ შედის, რომ საქართველო მშვიდობას, განვითარებას ინარჩუნებს. ამის ლუსტრაციაა დაუოკებელი ჟინი, რომ ფარული ფულით გადატრიალება წაახალისონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, „ქართველ ხალხს უნდა მშვიდობა, ნორმალურ ევროპასთან ურთიერთობა და არა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა შეასრულოს ვიღაცის კარნახით“.
„ყველაფერი ნათელია. არ უნდათ, რომ „შავი ფული“ გამჭვირვალე იყოს, რადგან სწორედ ამ ფულით აფინანსებენ რევოლუციას საქართველოში. აფინანსებენ „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნებას ხელისუფლებაში. მიზანი ერთია – არ მოსწონთ, რომ გლობალური ომების პერიოდში საქართველო მშვიდობას, განვითარებას ინარჩუნებს. ეს საქართველოს ძირეულ ინტერესებში შედის და არ შედის ამ გლობალური ომის პარტიის ინტერესებში. აქედან გამომდინარე, ზუსტად ამის ლუსტრაციაა დაუოკებელი ჟინი, რომ ფარული ფულით გადატრიალება წაახალისონ, რასაც ეს ქალბატონი ლაპარაკობს.
მაღალფარდოვანი სიტყვები – ქართველ ხალხს რა უნდა და კრემლს რა უნდა – ქართველმა ხალხმა ყველაზე კარგად იცის, რა უნდა. უნდა მშვიდობა, განვითარება და ნორმალურ ევროპასთან ურთიერთობა და არა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა შეასრულოს ვიღაცის კარნახით. ხელისუფლება გვყავდა, რომელმაც 2008 წელს საქართველოში რუსული აგრესია მოახერხა. ასეთი ხელისუფლების მობრუნება აღარ გვინდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.