ირაკლი ქადაგიშვილი - გიგი უგულავა იმას ამბობს, რასაც ამდენი ხანია, ვამბობთ, მათ ინტერესებში არანაირად არ შედის, რომ საქართველომ რაიმეში წარმატებას მიაღწიოს
გიგი უგულავა იმას ამბობს, რასაც ამდენი ხანია, ვამბობთ – მათ ინტერესებში არანაირად არ შედის, საქართველომ რაიმეში წარმატებას მიაღწიოს, რადგან საქართველოს წარმატება არის ხალხისა და ხელისუფლების წარმატება, ამიტომ მათ გეგმებში არ შედის, რომ საქართველო წარმატებული იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გიგი უგულავას განცხადების კომენტირებისას ისაუბრა, სადაც უგულავა ამბობს: „ახლა რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, „ქოცები“ ბოლომდე გადაჯეჯილდებიან“.
„არჩევნები მოდის, მასში გამარჯვების შანსი არ აქვთ და მათი ინტერესია, რამენაირად საქართველოში ისეთი არეულობა მოხდეს, ქვეყანას ისეთი კატაკლიზმი დაატყდეს, რომ მღვრიე წყალში იქნებ თევზი დაიჭირონ. უგულავამ მოგვიწოდა ხომ, ცხინვალში პრიგოჟინთან ერთად შევიდეთო? წინა ხელისუფლება ასეთი ადამიანებით რომ იყო დაკომპლექტებული, საქართველოს 2008 წელი ამიტომ დაუდგა. იმ ჯოხს ორი მხარე ჰქონდა – პუტინი და ამათი საქციელი. საქართველოში ამის განმეორება აღარ უნდა დავუშვათ.
იდეაში, სტატუსი საქართველოს წინსვლას ნიშნავს, რაც „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება. მათთვის ეს დამღუპველია. ამიტომ არაფერს მოერიდებიან, რომ საქართველოსთვის დამაზიანებელი შედეგი დადგეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.