ირაკლი ქადაგიშვილი - გეოპოლიტიკური ვითარება მზად როცა იქნება, რათა საქართველო ალიანსის წევრი გახდეს, ნატო-ს წევრი ქვეყნები ამ გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებენ
გეოპოლიტიკური ვითარება მზად როცა იქნება, რათა საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდეს, ნატო-ს წევრი ქვეყნები ამ გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ალიანსის დღის წესრიგში რჩება მიდგომა, რომ საქართველოსთვის კარი ღიაა.
„საქართველოსთან დაკავშირებით სიახლე არაფერია, რჩება ის ძირითადი მიდგომა, რაც აქამდე ჰქონდათ, რომ საქართველოსთვის კარი ღიაა, საქართველოს სწრაფვა ნატო-სკენ აღქმულია. გეოპოლიტიკური ვითარება მზად როცა იქნება, რომ საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდეს, ნატო-ს წევრი ქვეყნები ამ გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებენ. აქედან გამომდინარე, ამ დღის წესრიგში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის. უკრაინის მიმართაც დამოკიდებულება ანალოგიურია – უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს და ამის შემდეგ ცალკე გზა იქნება უკრაინის ნატო-სთან ინტეგრირების. არ იქნება MAP-ი, მაგრამ, როგორც აღნიშნავენ, ცალკე გზა იქნება და უნდა იყოს თავსებადობა უკრაინის შეიარაღებისა და ინსტიტუციური რეფორმირების. შეიძლება გარკვეული დიფერენციაცია არის, მაგრამ შინაარსობრივად საკითხი დაახლოებით იგივეა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.