ირაკლი ქადაგიშვილი - გახარიას რა სატკივარი აქვს გაჩენილი? მიხვდნენ, რომ მათთვის პოლიტიკურად სააკაშვილიც კეთროვანი გახდა და „ნაციონალური მოძრაობაც“
გახარიას განცხადება მაშინ რომ გაეკეთებინა, როცა დამნაშავე დასაპატიმრებელი იყო და დაეპატიმრებინა, ასევე მაშინ, როცა სააკაშვილი საქართველოში კონტრაბანდულად შემოიპარა ქვეყანაში, ამ განცხადებას ფასი ექნებოდა. დღეს კი, ჩვეულებრივი თაღლითური და სპეკულაციური განცხადებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის მოხდის საკითხები დამოკიდებულია პენიტენციურ სისტემასა და კანონზე“.
„რა სატკივარი აქვს გაჩენილი გახარიას? მიხვდნენ, რომ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგი მათთვის დამაზიანებელია. ანუ მათთვის პოლიტიკურად სააკაშვილიც კეთროვანი გახდა და „ნაციონალური მოძრაობაც“. აქედან გამომდინარე, ახლა გაითამაშა სწორედ სცენარი – უნდა, ხალხში აზრი ჩამოყალიბდეს, რომ გახარია მკვეთრად გამიჯნულია „ნაციონალური მოძრაობისგან“. იგივე პოლიტიკის გატარებას ცდილობს „ლელოც“. ვინც ბოლო სამი წლის განმავლობაში იყო „ნაცმოძრაობის“ ნავში და მათი დესტრუქციული დღის წესრიგის თანამონაწილე, დღეს ამ ნავიდან გადმოხტომას ცდილობენ და ამ განცხადებასაც ამიტომ აკეთებენ. გახარიას ეს განცხადება მაშინ რომ გაეკეთებინა, როცა დამნაშავე დასაპატიმრებელი იყო და დაეპატიმრებინა, ასევე მაშინ, როცა საქართველოში კონტრაბანდულად შემოიპარა, ამ განცხადებას ფასი ექნებოდა. დღეს კი, ჩვეულებრივი თაღლითური და სპეკულაციური განცხადებაა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს. „მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარ-მიზნების მისაღწევად, ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა.