ირაკლი ქადაგიშვილი - „ევროპულ საქართველოში“ შვიდი თუ რვა კაცი ერთმანეთში ვერ შეთანხმდა, ბოკერია სხვა პარტიაში გადავა, „ნაცმოძრაობის“ განშტოებაში თუ მესამე გზას აირჩევს, მნიშვნელობა არ აქვს
„ნაციონალური მოძრაობა“, ბოკერია თუ ნებისმიერი სხვა რამდენჯერ გადაჯგუფდებიან და გადმოჯგუფდებიან, ამით ქართულ პოლიტიკაში არაფერი იცვლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ოპოზიციაში ძალიან მძიმე ვითარებაა.
„დღეს ოპოზიციის არსებობის ფაქტორი არის დასავლეთიდან საქართველოს მიმართ გაკეთებული არაობიექტური განცხადებები. განცხადებებს რასაც ვისმენთ, არის იმისთვის, რომ ოპოზიციამ რამენაირად 26 ოქტომბრისთვის სული მიიტანოს. ესეც არ შველის და ვხედავთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ოპოზიცია სავალალო მდგომარეობაშია. „ნაციონალური მოძრაობა“, ბოკერია იქნება თუ ნებისმიერი სხვა, თავისი ამბიციების ჯახირში რამდენჯერ დაეჯახებიან, რამდენჯერ გადაჯგუფდებიან და გადმოჯგუფდებიან, ამით ქართულ პოლიტიკაში ჯამურად არაფერი იცვლება, მათ შორის, არც ელექტორალური თვალსაზრისით. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის დაყოფა-„დათრევაზე“ ორიენტირებული. ბოკერია სხვა პარტიაში გადავა, „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე განშტოებაში თუ მესამე გზას აირჩევს, ამას რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ოპოზიციას რეალურად ერთი გეგმა აქვს, არჩევნებს რომ აგებენ, კარგად იციან, ამიტომ მიდის მუშობა არჩევნების შემდეგ დღეზე, 27 ოქტომბერზე. მათი მცდელობები და გარედან გაკეთებული განცხადებები სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით მიმართულია იქითკენ, რომ 26-ში რადგან წააგებენ, 27-ისთვის კიდევ პატარა საწვავს ჩაგისხამ, რომ რამენაირად იქნებ რევოლუციური სცენარი ააგორო. მათი ეს მცდელობაც განწირულია. საბოლოო ჯამში, ბევრი პროვოკაცია შეიძლება მოაწყო ქვეყანაში, პროვოკაციული განცხადება გააკეთო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი თუ ხალხის ცნობიერებაში სხვანაირად ითარგმნება, ვერასდროს ვერანაირ რევოლუციას და გადატრიალებას ვერ მოახდენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ ცდილობდა, დემოკრატიული პროცესის იმიტაცია შეექმნა, მაგრამ პროცესი შიდა განხეთქილებით დამთავრდა.
„რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც გარკვეული პოლიტიკური ბექგრაუნდი, გარკვეული რიტორიკა გააჩნია, ამბობენ, რომ ვართ პოლიტიკური პარტია. სინამდვილეში, ეს პოლიტიკური პარტია არ არის. ეს არის პოლიტიკურ ინტერესთა ჯგუფი, რომელიც პარტიულ მასშტაბებს ვერასდროს აღწევს. „ევროპულ საქართველოში“ შვიდი თუ რვა კაცი ერთმანეთში ვერ შეთანხმდა, როგორ და რანაირად გადალაგებულ-დალაგებულიყვნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ არის რამდენიმე ნაწილად დაყოფილი, დაქსაქსული, დაპირისპირებული, აზელილ-გადაზელილი ერთმანეთში. აქედან გამომდინარე, მათი ამომრჩეველიც ხელების და თვალების ცეცებით ცდილობს, რომელიმე ამ ჯგუფზე ჩამოყალიბდეს. საბოლოო ჯამში, მათ ეს ამომრჩეველიც ეკარგებათ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.