ირაკლი ქადაგიშვილი - ევროპელმა ლიდერებმა მკაფიოდ თქვეს, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო არიან ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფი ევროპერსპექტივის მქონე სახელმწიფოები
ევროპელმა ლიდერებმა მკაფიოდ თქვეს, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო არიან ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფი ევროპერსპექტივის მქონე ხალხი და სახელმწიფოები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი დათქმით აქვთ მიღებული – მათაც ზუსტად იგივე რეკომენდაციები აქვთ შესასრულებელი რაც საქართველოს.
„როგორც ბორელმა აღნიშნა, რეკომენდაციების შესრულების შემდეგ წლის ბოლოს ავტომატურად მოხდება საქართველოსთვის კანდიდატობის მინიჭების საკითხის განხილვა. აქედან გამომდინარე, ხელი სპეკულაციებს კი არ უნდა მივყოთ, არამედ საქმის კეთებას. საფრანგეთის პრეზიდენტმა მკაფიო გეოპოლიტიკური ახსნა მისცა იმას, თუ რატომ მოხდა ამ საკითხის წინ წამოწევა, რა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ შექმნა ეს რეალობა. მან თქვა, რომ უკრაინა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის და ცხელი ომი აქვს, მისთვის ეს არის პოლიტიკური გრანტი, რომელიც ევროპამ მისცა. მოლდოვაში არის რთული ვითარება, გამოწვევების წინაშე დგას და ამიტომ ეს სტატუსი გეოპოლიტიკური კონტექსტით იყო განპირობებული. ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველოს განაცხადი იყო ძლიერი და შესრულებული საქმე ხარისხიანი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.