ირაკლი ქადაგიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი არის კეთილსინდისიერი და საარჩევნო პროცესების ღრმად მცოდნე, ოპოზიციის განცხადება არის განცხადებისთვის
ოპოზიციის დამოკიდებულება, თუ ადამიანი მუშაობს სახელმწიფო ან სხვა საჯარო სამსახურში ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ნდობას არ უნდა იმსახურებდეს, კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე სახელმწიფო და საჯარო სამსახურის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი კალანდარიშვილი არის კეთილსინდისიერი და საარჩევნო პროცესების ღრმად მცოდნე ადამიანი.
„თუ არასამთავრობო ორგანიზაციის კანდიდატს შევადარებთ, დავინახავთ, რომ მათ კეთილსინდისიერებაში დიდი განსხვავებაა კალანდარიშვილის სასარგებლოდ. ოპოზიციის განცხადება არის განცხადებისთვის, დაუსაბუთებელი გიორგი კალანდარიშვილის მიმართ“, – განაცხადა ქადაგიშვილი.
საქართველოს პარლამენტში დღეს რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების კენჭისყრა მოხდება. კანდიდატებს უკვე მეოთხედ ეყრებათ კენჭი და ამ შემთხვევაში, მათ დასამტკიცებლად პარლამენტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.