ირაკლი ქადაგიშვილი - ათ წელზე მეტია, ოთარ ფარცხალაძეს პოლიტიკურ და საჯარო სივრცესთან შეხება არ ჰქონია, როცა საუბარია, რომ ზეგავლენას ახდენდა, ამის ფაქტი უნდა იყოს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით აშშ-ის მხრიდან მეტი არგუმენტი უნდა იყოს წარმოდგენილი.
მისივე თქმით, მეტად უნდა იყოს დაკონკრეტებული, რის გამო მოხდა ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში შეყვანა.
„ათ წელზე მეტია, რაც ოთარ ფარცხალაძეს არც პოლიტიკურ და არც საჯარო სივრცესთან შეხება არ ჰქონია. მით უმეტეს, პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია, მსგავსი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ამ ადამიანს არც ტელევიზია აქვს, არც რომელიმე ორგანიზაციას აფინანსებს და არც პოლიტიკური პარტია აქვს. რუსეთში ბიზნესი ბევრ ქართველს აქვს. როცა საუბარია, რომ ზეგავლენას ახდენდა, ამის რაიმე დამამტკიცებელი ფაქტი უნდა იყოს.
სუს-მა თქვა, რომ მოკვლევას ჩაატარებს, რათა მეტი ინფორმაცია იყოს. რაიმე გადაწყვეტილებას კონკრეტული ინფორმაცია და არგუმენტაცია როცა არ მოჰყვება, შემთხვევითობის სინდრომი თავისთავად ჩნდება. ეს მოსამართლეების სანქცირების დროსაც არ იყო – რის გამო მოხდა და რა გადაცდომა ჰქონდათ, რომ ამერიკაში შესვლაზე შეზღუდვა დაუწესდათ. როცა კონკრეტიკა არ არის, მაშინ აქტიურად დგება დღის წესრიგში შემთხვევითობა. ამერიკის ჩანაწერშიც წერია: „შესაძლო კავშირი“. ვინაიდან „შესაძლო“ წერია, თავადაც მიიჩნევენ შესაძლო კავშირს. კონკრეტიკა რომ ყოფილიყო, გაცილებით სხვა სურათი იქნებოდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.