ირაკლი ქადაგიშვილი - აშშ-ის საელჩომ ბაზების საკითხზე მყისიერი განცხადება გააკეთა, რადგან ზიანდება სტრატეგიული სამხედრო თანამშრომლობა
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ძალიან სენსიტიურ საკითხს ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკის შეთავაზებაზე ცივი უარი განაცხადა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-მა მიიჩნია, რომ აღნიშნულ საკითხზე საჭირო იყო რეაგირება.
„ამერიკის საელჩომ რატომ გააკეთა მყისიერი განცხადება? – იმიტომ კი არა, რომ დეზინფორმაციული ტელევიზიისთვის ეპასუხა, იმიტომ, რომ ამით ზიანდება საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ისეთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, როგორიცაა სამხედრო თანამშრომლობა და რომელიც საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა. ასეთი დეზინფორმაციული პოლიტიკით ხდება ასეთი მნიშვნელოვანი მიმართულების ტორპედირება. ამას აქვს არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობაზე, ხალხში ცუდი განწყობის მიზანი, არამედ ამას ამერიკა უფრო ფართოდ უყურებს გეოპოლიტიკურ კონტექსტში და ამიტომ მიაჩნია, რომ საჭირო იყო რეაგირება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.