ირაკლი ქადაგიშვილი - ამნისტიას ოპოზიციის ნაწილიც ითხოვდა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და რადიკალური ოპოზიციისთვის ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა წინასაარჩევნო პიარად არის მონათლული
ირაკლი ქადაგიშვილი - ამნისტიას ოპოზიციის ნაწილიც ითხოვდა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და რადიკალური ოპოზიციისთვის ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა წინასაარჩევნო პიარად არის მონათლული

ამნისტია რომ გარკვეულ მუხლებზე მოხდებოდა, დიდი ხნით ადრე იყო გაცხადებული, მის განხორციელებას ოპოზიციის ნაწილიც ითხოვდა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და რადიკალური ოპოზიციისთვის ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა წინასაარჩევნო პიარად არის მონათლული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამნისტია არის ის, რაც სახელმწიფოს სჭირდება და ხალხისთვის იქნება კარგი.

„დიდი ხნით ადრე იყო გაცხადებული, რომ ამნისტია გარკვეულ მუხლებზე მოხდებოდა. ამ ამნისტიის განხორციელებას ოპოზიციის ნაწილიც ითხოვდა. პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოფნის დროს მიმართა მათ, რომ ამ მუშაობაში ჩაერთონ და მათი პოზიციებიც ყოფილიყო გათვალისწინებული. ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციისთვის საქართველოს ნებისმიერი წინსვლა არის წინასაარჩევნო პიარად მონათლული. მაგალითად, ის რომ ჩვენი სახელმწიფოს ბიუჯეტს დამატებით 519 მილიონი ლარი შეემატა, რაც ქვეყნის და ხალხისთვის საჭირო პრიორიტეტებზე გადანაწილდა, ესეც წინასაარჩევნო ხრიკია. ამიტომ ჩვენ მათ ამ ბოროტ, გესლიან სიტყვებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის რაც კარგია, მუდმივად ის უნდა ვაკეთოთ. ამ შემთხვევაშიც ამნისტია ის არის, რაც სჭირდება სახელმწიფოს და ხალხისთვის იქნება კარგი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება.