ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნებისა“ და „გირჩის“ წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნებისა“ და „გირჩის“ წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება.
ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ზუსტ თარიღს ვერ იტყვის, მაგრამ შეხვედრა იგეგმება.
„რაც შეეხება მათ მოთხოვნებს, საარჩევნო ბარიერის დაწევაზე საკონსტიტუციო ცვლილებები ინიცირებულია და ეს ის თემაა, რაზეც საუბარი ყოველთვის შეიძლება. ოქროს შუალედი უნდა დავიჭიროთ, როცა მცირე პარტიებს ვაძლევთ, პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილები და ამავე დროს ის გონივრული საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს, რომელიც განსაზღვრულია ევროპული პარლამენტარიზმის გამოცდილებით, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტი იყოს ქმედითი და პარტიები იყოს არა ერთკაციანი, არამედ გარკვეული იდეოლოგიის მატარებელი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.