ირაკლი პეტრიაშვილი - ორი წლის განმავლობაში ინფლაცია არის 25,9%, საშუალო ხელფასი კი მხოლოდ 9%-ით გაიზარდა
ორი წლის განმავლობაში ინფლაცია არის 25,9% და საშუალო ხელფასი მხოლოდ 9%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ანუ, ინფლაციამ შეჭამა შემოსავალი და ამ 9%-ით გაზრდაში კიდევ რამდენი იყო ტოპმენეჯმენტის და ადმინისტრაციის წილი და რამდენი დასაქმებული ადამიანების, ეს კიდევ ცალკე საკითხია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეკონომიკური ზრდაა საჭირო, მაგრამ როგორი ტიპის ეკონომიკური ზრდაც არ უნდა გვქონდეს, თუ იქ გარკვეული რეგულაციები არ იქნა, როგორ იქნება? ჩვენ ჯერ ველური ბაზარი გვაქვს, შრომითი ბაზარიც ველურია და სანამ ამ სიველურიდან არ გამოვალთ და არ ვიტყვით, რომ აი, მინიმუმი ეს არის, უსაფრთხოებასთან, ხელფასებთან, ბიზნესის ხელშეუხებლობასთან, მისი გაკოტრებისგან დაცვასთან, დასაქმებულის მონად ქცევასთან დაკავშირებით და ა.შ, საქმე არ გამოვა. აი, ეს გარანტიები უნდა იყოს“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
ამასთან, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ თქვა, რომ აუცილებელია, მოხდეს შეთანხმება მინიმალურ ხელფასთან და პირობებთან დაკავშირებით.
როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, ხშირ შემთხვევაში, ბიზნესს არაადეკვატური შეთავაზება აქვს, რის გამოც მოქალაქეებს დასაქმება არ სურთ.
„ვაკანსიებს გადავხედოთ, დამლაგებელი რომ უნდა ხოლმე ბიზნესს 90/60/90 და სამი ენის ცოდნა, ასე კადრებს ვერ იპოვიან და ხელფასს გააჩნია კიდევ, რას აძლევენ“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, მუდმივად მიდის საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში უმუშევრობაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შრომის ბაზრის კვლევა არ ჩატარებულა, ვის სურს დასაქმება რეალურად, რა კვალიფიკაცია აქვთ ადამიანებს და სახელმწიფოს წვლილი რა არის იმაში, რომ მათი პერეკვალიფიკაცია მოახდინოს.
„ბოლო-ბოლო, გზა გაგვყავს და საქართველოს არ სჭირდება წელიწადში 3 000, ან 3 500 მეწაღე, მეგზევე სჭირდება და მეგზევის პროფესია უნდა აითვისოს. ამას თუ ჩავანაცვლებთ ჩინელებს, როგორც ახლა არის ჩანაცვლებული, მაშინ პრობლემა არ არის, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები ვერ საქმდებიან“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
ირაკლი პეტრიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ბიზნესი კადრის გაზრდაზე უნდა ფიქრობდეს.
„ამის ნათელი მაგალითი არის კვარაცხელია. კვარაცხელიას უქირავებენ კარგ მწვრთნელს, დებენ მასში ფულს და პლუს, ხელფასს უმატებენ, რომ კონკურენცია არ გაუწიოს „რეალმა“, „ლივერპულმა“, თუ სხვამ. ამიტომ, ბიზნესმა კადრის განვითარებაში ფული უნდა გადაიხადოს“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, ბიზნესი აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს პროფესიული სასწავლებლების განვითარების პროცესში.