ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას პროკურატურაც აპირებს
მსჯავრდებულ ირაკლი ოქრუაშვილის საქმის პროკურორ ვაჟა თოდუას თქმით, 20-21 ივნისის ღამეს ოქრუაშვილი 30-კაციან ჯგუფს მართავდა. როგორც საქმის პროკურორმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული მოქმეთა ჩვენებებით და საქმის მასალებით დასტურდება.
„სასამართლომ ჩათვალა, რომ არასაკამარისად იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები. ბრალდების მხარის პოზიცია დამოკიდებული იყო სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებზე, რითაც დასტურდებოდა როგორც მონაწილეობა, ასევე მისი ხელმძღვანელობა. არაერთი მოწმე ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ირაკლი ოქრუაშვილი დაახლოებით 30-კაციან ჯგუფს მართავდა, მოუწოდებდა მათ, შესულიყვნენ საქართველოს პარლამენტში. ამის დამადასტურებელი არაერთი ვიდეოჩანაწერი გამოვიკვლიეთ სასამართლოში, ასევე გამოვიკვლიეთ დასკვნა, რომლის მიხედვითაც, სწორედ ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს ფრაზებს „წავიდეთ, წავიდეთ“ დროის იმ მონაკვეთში, როდესაც ხორციელდება საქართველოს პარლამენტზე შტურმი“, – განაცხადა პროკურორმა ვაჟა თოდუამ.
პროკურორის თქმით, დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდეგ, პროკურატურა სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
„ჩვენ დაველოდებით სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, გავეცნობით და შემდეგში გავასაჩივრებთ. დაიკითხა რამდენიმე პოლიციის თანამშრომელი, რომლებმაც განაცხადეს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პოლიციელების კორდონთან მივიდა დაახლოებით 30 ადამიანთან ერთად, მართავდა მათ და მოუწოდებდა, რომ გაერღვიათ პოლიციის კორდონი. დაიკითხნენ ასევე პოლიციელის თანამშრომლები, რომელიც ასაბუთებდნენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი თხოვდა მათ, გაეტარებინათ, გაერღვიათ პოლიციის კორდონი. დაკითხულია დაახლოებით 40 ადამიანამადე“, – განაცხადა პროკურორმა.
ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნო. პროცესის დასრულების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.