ირაკლი ოქრუაშვილი - სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ცემაზე მითხრა, რომ რაც მე ვერ გავაკეთე, კარგად შეასრულა ვანო მერაბიშვილმა
ირაკლი ოქრუაშვილი მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასმართლო პროცესზე ჩვენებას აძლევს. ოქრუაშვილი 2005 წელს, პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე შეიარაღებული თავდასხმის დროს თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.
როგორ ოქრუაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი მას გელაშვილზე ფიზიკურ თავდასხმას თხოვდა. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მასში მოკავშირეს ხედავდა და იმედი ჰქონდა, რომ ინფორმაცია არ გაჟონავდა.
„ვალერი გელაშვილის ინტერვიუში ნეგატიური დამოკიდებულება იყო როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე მისი მეუღლის წინააღმდეგ. ინტერვიუს გავრცელების შემდეგ სააკაშვილი თვლიდა, რომ გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება უნდა მოგვეხდინა. მე უარი ვუთხარი, მერაბიშვილი კი პირიქით, აქეზებდა მას“, – განაცხადა ოქრუაშვილმა და გაიხსენა სააკაშვილთან მისი შემდგომი შეხვედრა შავნაბადაზე.
„სადღაც ორი თვის შემდეგ კვლავ შევხვდი, მინდოდა გადარწმუნება, მაგრამ ისევ ხისტი პოზიცია დამხვდა და მივხვდი, რომ ჩემს არგუმენტებს აზრი არ ჰქონდა. თავდასხმის შემდეგ შავნაბადაზე ერთ-ერთზე შევხდი, ამჯერად ჩემი, როგორც თანაგუნდელის მიმართ უკვე პრეტენზიები ჰქონდა და ნიშნის მოგებით მითხრა, ის, რაც შენ ვერ გააკეთე, საკმაოდ კარგად შეასრულა ვანომო, რაც იმას ადასტურებდა, რომ თავდასხმა მისი ორგანიზებული იყო“, – განაცხადა ოქრუაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე ვანო მერაბიშვილთანაც ჰქონდა საუბარი.
„მან მითხრა, რომ ეს იყო პრევენცია, რათა პრეზიდენტის მიმართ მსგავსი არავის ჩაედინა“, – განაცხადა მან.