ირაკლი ოქრუაშვილი მოითხოვს, პროპორციული არჩევნების ჩატარების მიზნით სახალხო ნდობის მთავრობა შეიქმნას
პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მოითხოვს, პროპორციული არჩევნების ჩატარების მიზნით სახალხო ნდობის მთავრობა შეიქმნას. ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, სწორედ სახალხო ნდობის მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ახალი არჩევნების სამართლიანად ჩატარება.
ირაკლი ოქრუაშვილი მმართველი გუნდის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და აღნიშნა, რომ ნულპროცენტიანი ბარიერით პროპორციული არჩევნების შემოთავაზება ივანიშვილის მიერ თაღლითური სქემით ძალაუფლების შენარჩუნებაა.
„დღეს ივანიშვილის მიერ პროპორციული არჩევნების შემოთავაზება გახლავთ ჩვენი ახალგაზრდების და არამარტო ახალგაზრდების შეუპოვარი ბრძოლის ნაწილობრივი ბრძოლის შედეგი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი მოძრაობის სახელით მათ. რატომ ნაწილობრივი? ნულპროცენტიანი ბარიერით პროპორციული არჩევნების შემოთავაზება სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის მიერ თაღლითური სქემით ძალაუფლების შენარჩუნების გზა და ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია, რომელიც მიესალმება ამას, უნდა აცნობიერებდეს, რომ შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკურ ხაფანგში. ეს გახლავთ პრაქტიკულად და შინაარსობრივად მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება, როდესაც ივანიშვილი დღეს არსებულ ახალ მაჟორიტარებს შეაქმნევინებს პარტიებს და შეეცდება მათი მეშვეობით შეინარჩუნოს უმრავლესობა პარლამენტში.
ყოველივე ამის შედეგად ჩვენ მოვითხოვთ, რომ პროპორციული არჩევნების ჩატარების მიზნით შეიქმნას სახალხო ნდობის მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ახალი არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. ჩვენ მოვითხოვთ, რომ რიგითი პროკურორის თანამდებობაზე დაინიშნოს სახალხო ნდობის მქონე პიროვნება, რომელიც გამოიძიებს სამი დღის წინანდელ განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ასევე მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც არის დაკავებულები.
მივმართავთ პოლიტიკურ სპექტრს, ნუ დავიწყებთ აჟიტირებას შემოთავაზებული პროპორციული არჩევნების შედეგად და კარგად გავაცნობიეროთ რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.