პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათი ცნობით, ოქრუაშვილი სსკ-ის 225-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. საქმე ეხება 20-21 ივნისის მოვლენებს.
როგორც პარტიაში განაცხადეს, ოქრუაშვილი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როცა ავტომობილით გადაადგილდებოდა.
ამასთან, ოქრუაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე შსს-ში არ ადასტურებენ. როგორც საქართველოს პირველ არხს სამინისტროში განუცხადეს, უწყებაში 20:00 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული.
ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე 23 ივლისს გამოიკითხა.