ირაკლი ოქრუაშვილი - ირაკლი კობახიძის წასვლით არაფერი შეიცვლება
ირაკლი ოქრუაშვილი - ირაკლი კობახიძის წასვლით არაფერი შეიცვლება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე გუშინ დაიბადა ახალი საქართველო, ახალგაზრდების მიერ შთაგონებული, რომლებიც  იყვნენ მოტივირებული, პატრიოტულად განწყობილი და ღირსებით აღსავსე, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მშვიდობიან პროტესტს ხელისუფლებამ არაადეკვატური მეთოდი და ძალა დაუპირისპირა.

„ჩვენი ჯგუფის სახელით, არა როგორც პოლიტიკოსი, ჩვენ შევუერთდებით ახალგაზრდების ინიციატივას. ვიქნებით როგორც რიგითი მოქალაქეები იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დამყარდეს წესრიგი და აღდგეს,  რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ – თავისუფლება, რისი წართმევაც ივანიშვილმა მოგვინდომა. პროტესტი გაგრძელდება.

ძალა იყო არაადეკვატური იმისა, რაც ხდებოდა. ადამიანების მშვიდობიან პროტესტს ხელისუფლებამ და ივანიშვილმა დაუპირისპირა აბსოლუტურად არაადეკვატური მეთოდები. ამაზე ისინი პასუხს აგებენ, დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ამასთან, მისი შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარეობიდან ირაკლი კობახიძის გადადგომით არაფერი შეიცვლება.

„ირაკლი კობახიძის წასვლით არაფერი შეიცვლება. თავი და თავი ამ პრობლემისა, არის ბიძინა ივანიშვილი, რომლის რეჟიმი დასრულდება და გუშინდელი დღე იყო ამის დასაწყისი“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს პარტიის ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ „ქართული ოცნების” მიერ დამკვიდრებული მაღალი სტანდარტის ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა.