ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულის მეგობარი - ირაკლის ცუდი სიტყვა უთქვამს თამთასთვის, ამის გამო მოხდა კონფლიქტი
ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებული თათა ჯანჯღავას მეგობარი, გვანცა რამიშვილი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ჯანჯღავა და ირაკლი ნოზაძე მეგობრობდნენ.
როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით მხოლოდ ის იცის, რაც ადვოკატმა უთხრა, ხოლო დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.
„მეც იგივე ვიცი, რაც ადვოკატმა მითხრა. ცუდი სიტყვა უთქვამს ირაკლის და ამის გამო მოხდა კონფლიქტი. ეს კონფლიქტი გადაიზარდა რაღაც დიდში, ეს არ იყო განზრახული, ის თვითონაც არ ელოდა ამ შედეგს“, – განაცხადა რამიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავა.
მათივე ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობისფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.