ირაკლი ნადირაძისადმი სოლიდარობის ნიშნად, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს სხდომებს არ დაესწრება
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მათი ფრაქციის წევრის, ირაკლი ნადირაძისთვის 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებს. ფრაქციის წევრი მარიკა დათუკიშვილი აცხადებს, რომ პროტესტის ნიშნად ისინი არ დაესწრებიან არც ერთ სხდომას და სამუშაო განხილვას.
„საკრებულოს ეს სხდომები, ეს განხილვები არ არის ორიენტირებული ხალხის ინტერესების გათვალისწინებაზე. ეს არის ბიძინას ინსტიტუციები. ბიძინას ინსტიტუციების საქმიანობაში ჩართვას და მონაწილეობის მიღებას ჩვენ არ ვაპირებთ. მინდა, მივმართო საკრებულოს წევრებს „ქართული ოცნებიდან“. ერთ მხარეს არის თანამშრომელ ქალბატონზე მოძალადე ილია ჯიშკარიანი და მეორე მხარეს არის სამშობლოს სიყვარულის გამო დაჭერილი ირაკლი ნადირაძე. აქ არჩევანი არის მარტივი“, – განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.
დეპუტატი მოუწოდებს საკრებულოს წევრებს, მიბაძონ პარლამენტარ კოლეგებს და განუდგნენ ბიძინა ივანიშვილს. დათუკიშვილის თქმით, რაც საქალაქო სასამართლოში ორი დღის განმავლობაში ხდებოდა, მხოლოდ დადგმული სპექტაკლია.
„ორდღიანი ცირკი დღეს კიდევ გრძელდება საქალაქო სასამართლოში. ხვდება ალბათ საზოგადოება, რომ ეს აღარ არის სასამართლო, ეს აღარ არის ხელისუფლება. ამ ქვეყანაში ყველა ინსტიტუცია არის ჩამოშლილი. დაჭერილია 10 ადამიანი და დასაჭერთა რიგებში არის კიდევ 25“, – აღნიშნა მარიკა დათუკიშვილმა.
დაკავებული დეპუტატის მხარდაჭერა დააფიქსირა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმაც.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულ ათ პირს, მათ შორის ირაკლი ნადირაძეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ერთ პირს – ჯარიმა, კიდევ 25 პირის პროცესი კი გადაიდო.