ირაკლი ნადირაძე - ველოდებით სამუშაო ჯგუფის საბოლოო გადაწყვეტილებას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების რომელი ვერსია იქნება უფრო მისაღები
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, რა ფორმით ჩატარდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები.
მისივე თქმით, მთავარია, რომ არჩევნებმა მოიტანოს პარტიის გაძლიერება და ახალი ენერგიით დაიწყონ ბრძოლა.
„ახლა ყველა ველოდებით სამუშაო ჯგუფის საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელსაც გაიტანენ პოლიტსაბჭოზე და დამტკიცდება— იქნება ფეისბუქარჩევნები თუ არჩევნები „ბლოქჩეინი“. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღია, გამჭვირვალე არჩევნები უზრუნველყოფილი იქნება „ფეისბუქით“, მათ შორის იქნება დიასპორის ჩართულობაც. ვნახოთ, პოლიტსაბჭო რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მთავარია, ამ არჩევნებმა მოიტანოს პარტიის გაძლიერება და კანდიდატებმა ბოლოს ერთმანეთს ჩამოართვან ხელი, ახალი ენერგიით დაიწყონ ბრძოლა რუსი ოლიგარქის დასამარცხებლად. ალბათ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ის ვარიანტები, რომლებსაც მიაწოდებენ პოლიტსაბჭოს. სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში უნდა ჩაინიშნოს სხდომაც. მთავარია, ყველა ვთანხმდებით, რომ არჩევნები უნდა იყოს ელექტრონული, ღია, გამჭირვალე, იყოს ჩვენი მხარდამჭერებისა და დიასპორის მაქსიმალური ჩართულობა. დანარჩენს პოლიტსაბჭო გადაწყვეტს, რომელი უფრო მისაღები ვერსია იქნება“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
როგორც ნადირაძე ამბობს, შესაძლებელია, არჩევნები ჩატარდეს იმავე პრინციპით, როგორც წინა შემთხვევაში, როდესაც პარტიის თავმჯდომარე „ფეისბუქით“ აირჩიეს.
„წინა თავმჯდომარე ავირჩიეთ „ფეისბუქით“. საკმაოდ კარგი ჩართულობა იყო ამ მიმართულებით. შეიძლება, იმავე პრინციპით ჩავატაროთ, რამდენიმედღიანი რეგისტრაცია გამოვაცხადოთ, რომ ტროლ-ბოტებისგან გავწმინდოთ სია და შემდგომში იყოს რამდენიმედღიანი ან ერთდღიანი ხმის მიცემის პროცედურა. ღიად, გამჭვირვალედ გადაწყვიტონ ჩვენმა მხარდამჭერებმა, უჭერენ თუ არა მხარს ცვლილებებს და ახალი ენერგიით ბრძოლას“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ამასთან, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, შიდასაარჩევნო პროცედურებში, სავარაუდოდ, ყველა კანდიდატის შესაბამისი წარმომადგენლები იქნებიან ჩართული.
„ალბათ ყველა კანდიდატის შესაბამისი წარმომადგენლები იქნებიან ჩართულნი შიდასაარჩევნო პროცედურებში. რეგისტრაციის გამოცხადების შემდეგ ყველას ექნება საჯაროდ საშუალება, გადაამოწმონ, „ექაუნთების“ უკან ნამდვილი ადამიანები დგანან თუ არა. გადამოწმების შემდეგ გაწმენდილი სიით ალბათ უკვე იქნება შესაძლებლობა არჩევნების ჩატარების“, – აღნიშნა აირაკლი ნადირაძემ.