თბილისის ბიუჯეტი სოციალური არ არის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრმა ირაკლი ნადირაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„სამი მილიონი ლარით შემცირდა სოციალური ხარჯები, შემცირდა კომუნალური სუბსიდირება, გათვალისწინებულ არ იქნა წამლებზე 200–ლარიანი ვაუჩერის გაცემის მოთხოვნა. ასევე, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაზე მთელი ბიუჯეტის 0.34%–ია გათვალისწინებული. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, როცა უმრავლესობა საცობების პრობლემის მოგვარებაზე საუბრობს, უნდა განხორციელებულიყო შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რაც საცობებს 40%–ით განტვირთავდა; უნდა დაფინასებულიყო მრავალსართულიანი პარკინგები და ასე შემდეგ. ყველაფერს წარმოვიდგენდი და კახა კალაძე, სპორტსმენი კაცი თუ სპორტის დაფინანსებას 3 მილიონი ლარით შეამცირებდა, ამას ვერა“, – განაცხადა ნადირაძემ.
მისი თქმით, თბილისის ბიუჯეტი 130 მილიონი დოლარით შემცირდა.
„დავით ნარმანიას 785 მილიონ ლარიანი ბიუჯეტი დახვდა, რაც დოლარში დაახლოებით 452 მილიონი იყო, ახლა კი არის 320 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტი. ამ ქვეყანაში ფასების ზრდა დიდწილად, დოლართან არის მიბმული. როცა დოლარი იზრდება, ფასებიც იზრდება. ანუ, თუ ამ ყველაფერს დოლარში გამოვხატავთ, ბიუჯეტის 130 მილიონ დოლარიანი კლება ფიქსირდება“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.