ირაკლი ნადირაძე - მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, პარტიაში არის ძალიან ბევრი ქრისტიანი, ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ბევრ ადამიანს და ლგბტ თემები მათ ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ
ჩვენს მოსახლეობას ყველაზე ნაკლებად აინტერესებს ლგბტ თემები, რადგან მთავარი პრობლემა არის გაჭირვება, უმუშევრობა, სიღარიბე, ასიათასობით ადამიანი ყოველწლიურად ტოვებს საკუთარ ოჯახებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აჰყვება „ქართული ოცნების“ პროპაგანდას.
„არ ვიცი, „ქართული ოცნება“ რატომ ცდილობს ამდენი მძიმე თემის კვალდაკვალ ამ თემით სპეკულირებას. ვფიქრობ, რომ ჩვენს მოსახლეობას თუ რამე აინტერესებს, ყველაზე ნაკლებად ეს თემებია, რადგან მთავარი პრობლემა არის გაჭირვება, უმუშევრობა, სიღარიბე, ასიათასობით ადამიანი ყოველწლიურად ტოვებს საკუთარ ოჯახებს. მე ვარ ოთხი შვილის მამა, მართლმადიდებელი ქრისტიანი, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ძალიან ბევრი ქრისტიანი – კონსერვატორი ამომრჩეველი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ძალიან ბევრ ადამიანს, ეს თემები არ აინტერესებთ. ამიტომ გთხოვთ, ვილაპარაკოთ რეალურად ხალხის პრობლემებზე. „ქართული ოცნების“ პროპაგანდას არ ავყვებით არცერთ შემთხვევაში“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.