ირაკლი ნადირაძე - აქციებსა და სამომავლო გეგმებზე პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭო ერთობლივად იმოქმედებენ, მერაბიშვილი პოლიტიკაში აღარაა, ამის შესახებ არაერთხელ აქვს გაცხადებული
ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი და მხარდამჭერია, წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებდა, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ საერთაშორისო მედია მისი პოზიციებით ინტერესდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ვანო მერაბიშვილს აქვს უფლება, თავისი პირადი მოსაზრებები და პოზიციები დააფიქსიროს.
„ეს სამი კვირის წინ ჩაწერილი ინტერვიუა. სწორედ ეს ვიხილეთ ეთერში. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიას ჰყავს ახალი თავმჯდომარე, სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ერთობლივად ახალი გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნადირაძემ.
კითხვაზე, ხომ არ გეგმავენ ვანო მერაბიშვილთან რაიმე ტიპის თანამშრომლობას, ნადირაძემ აღნიშნა, რომ მერაბიშვილი დიდი ხანია, პოლიტიკაში აღარ არის.
„ვანო მერაბიშვილი ქვეყანაში არის თუ არა, ეგეც კი არ ვიცი. შესაბამისად, აქციებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარე, სამდივნო და პოლიტიკური საბჭო ერთობლივად იმოქმედებენ. ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში აღარაა და ამის შესახებ არაერთხელ აქვს გაცხადებული“, – განაცხადა ნადირაძემ.
ერთ-ერთმა უკრაინულ არხმა, Freedom TV-მ ვანო მერაბიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. როგორც ინტრევიუში ვანო მერაბიშვილი აცხადებს: „მრავალი წელი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ცდილობდნენ, სპონტანურად დაწყებული მიტინგები არ განევითარებინათ, ახლა პარტია აღდგენის გზაზეა, ვიმედოვნებ, დავინახავთ რეალურ პროტესტს ქუჩაშიც“.