ირაკლი ნადარეიშვილი - საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე უწყვეტად, მეშვიდედ მონაწილეობს
ექსპორტის ხელშეწყობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რაზეც ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს. შარშან საქართველოდან ექვს მლრდ დოლარზე მეტი პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ანალოგიური ტენდენციაა შენარჩუნებული 2024 წლის სამ კვარტალშიც, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს პავილიონებს ეწვია და გამოფენაში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრა.
მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ტრადიციულად უზრუნველყოფენ ქართველ ექსპორტიორებს მთელი რიგი ხელშემწყობი პროგრამებით სხვადასხვა გამოფენასა და სხვა სახის ღონისძიებებში მონაწილეობის ჩათვლით და სააგენტო ადგილობრივ ექსპორტიორებს ყოველწლიურად 20-მდე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას სთავაზობს.
ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, რომელიც მსოფლიოში მსგავსი პროფილის უმსხვილესი ღონისძიებაა, უწყვეტად, მეშვიდედ მონაწილეობს. მისი თქმით, ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია, ამდენად, შანხაის გამოფენა კარგი შესაძლებლობაა როგორც გამოცდილი, ისე დამწყები ექსპორტიორებისთვის, წარმოადგინონ საკუთარი პროდუქცია ასეთ მასშტაბურ გამოფენაზე და შეძლონ საქმიანი კონტაქტების დამყარება პოტენციურ პარტნიორებთან.
მინისტრის მოადგილესთან ერთად, გამოფენაზე იმყოფებოდნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს ელჩი ჩინეთში პაატა კალანდაძე.
შანხაის გამოფენაზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით 40-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს. ისინი წარმოადგენენ როგორც სურსათის, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების წარმოებებს, ასევე მსუბუქ მრეწველობას, ტყავისა და აქსესუარების წარმოებას და სხვ. შანხაის გამოფენაზე საქართველოს წელს სამი პავილიონი აქვს. ქართული კომპანიების პავილიონების გარდა, გამოფენის დამთვალიერებელს ასევე შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს უშუალოდ ქვეყნის პავილიონსაც, სადაც მიიღებს ინფორმაციას როგორც საქართველოს კულტურისა და ტრადიციების, ტურისტული ღირსშესანიშნაობების, აგრეთვე ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიღწევების, საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შესახებ.
გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საქართველოს მრავალფეროვან ისტორიას და კულტურას, უნიკალურ დამწერლობას და ღვინის წარმოების საუკუნოვან ტრადიციებს. ნახონ ვიდეორგოლები და საინფორმაციო ბუკლეტები საქართველოს ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. 2024 წელს გამოფენაზე 120 ქვეყანაზე მეტი მონაწილეობს. ორგანიზატორების მოლოდინია, რომ გამოფენას 500,000-ზე მეტი დამთვალიერებელი და შემსყიდველი ეყოლება.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.