ირაკლი ნადარეიშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს, ასევე გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკის მდგრადობას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ლიდერობს რეგიონში მიმზიდველი საინვესტიციო პირობებით, გარემოთი და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისადმი მიმართული თანმიმდევრული რეფორმებით, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.
ირაკლი ნადარეიშვილმა კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების პირობები კარგია, საქართველო გამორჩეულია რეგიონში.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს, ეკონომიკის სწრაფ პოსტპანდემიურ აღდგენას და ასევე გლობალური გამოწვევებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას.
„ანგარიში, მათ შორის, ეყრდნობა „ბლუმბერგის“ 2022 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გლობალურ კვლევას, რომლის მიხედვითაც საქართველო მე-13 ადგილს იკავებს მის მიმართ უცხოური კომპანიების საინვესტიციო დაინტერესების თვალსაზრისით. ამავე კვლევის მიხედვით, დაინტერესებული ინვესტორების 70 პროცენტი ოპტიმისტურად არის განწყობილი საქართველოს ეკონომიკის მიმართ, მაშინ როდესაც ანალოგიური გლობალური მაჩვენებელი 55 პროცენტს შეადგენს. სახელმწიფო დეპარტამენტის ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველო ასევე ლიდერობს რეგიონში მიმზიდველი საინვესტიციო პირობებით, გარემოთი და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისადმი მიმართული თანმიმდევრული რეფორმებით“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.