ირაკლი ნადარეიშვილი - რეგიონული თანამშრომლობის პრიორიტეტი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორში თანამშრომლობა უნდა გახდეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ინოვაციურ სამიტში InMerge-ში, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა. სამიტში ასევე მონაწილეობდნენ რეგიონული ლიდერები საჯარო პოლიტიკის და კერძო სექტორიდან.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას, მინისტრის მოადგილემ საქართველოს ეკონომიკის ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, მასშტაბურ რეგიონულ პროექტებსა და საერთაშორისო ავტორიტეტულ რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო, ლიბერალური ბიზნეს გარემოთი, მსოფლიო ბანკის ახალი რეიტინგით „ბიზნესისთვის მზაობა“ პირველ სამეულშია ესტონეთსა და სინგაპურთან ერთად. ასევე მინისტრის მოადგილის თქმით, რეგიონული თანამშრომლობის პრიორიტეტად ვაჭრობის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროებთან ერთად, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორში თანამშრომლობა უნდა გახდეს.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებასა და მათი მეშვეობით ეკონომიკის ტრანსფორმაციაზე გააკეთა. მისი თქმით, მდგრადი ეკონომიკური განვითარება დღის წესრიგში აყენებს ტრადიციული სექტორების გაძლიერებას თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებით.
ირაკლი ნადარეიშვილმა ქუთაისში რეგიონის მასშტაბური ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა დააანონსა, რომელიც გააერთიანებს ტექნოპარკს, ტექნოლოგიების მუზეუმს, საერთაშორისო IT სკოლას, სტარტაპ აქსელერატორს, ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრს და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ოფისებს. საუბარია პროექტზე, რომელმაც სერიოზული ბიძგი უნდა მისცეს, როგორც იმერეთის რეგიონში, ასევე მთელს საქართველოში ინოვაციური ეკო-სისტემის შემდგომ განვითარებას.
მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა იმ ახალ ინიციატივებზე, რომლებიც უკავშირდება ინოვაციური სტარტაპის სტატუსის შემოღებას შესაბამისი საგადასახადო შეღავათებით და კვლევისა და განვითარების მიმართულების პრიორიტეტიზაციას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ჭრილში.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველო რეგიონის მასშტაბით ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მზარდი და მიმზიდველი ცენტრი ხდება. მისი თქმით, სამი წლის წინ საქართველოს მთავრობამ, ქვეყანაში ტექნოლოგიური სექტორის მდგრადი განვითარების მიზნით, საერთაშორისო კომპანიის სპეციალური სტატუსი აამოქმედა მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით. შედეგად, საქართველოში 120-ზე მეტი საერთაშორისო IT და ტექნოლოგიური კომპანია შემოვიდა, ხოლო IT სერვისების ექსპორტმა 2023 წელს 2.3 მილიარდ ლარს მიაღწია.
ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება ისეთ მასშტაბურ რეგიონულ პროექტებზე, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელი, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკის სისტემასთან დააკავშირებს. აგრეთვე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და სხვ.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.