ირაკლი ნადარეიშვილი - პროკურატურა არ აპირებს, სააკაშვილს ტაქტიკის განხორციელებაში დაეხმაროს
22 მოწმის ჩვენებისა და ორსაათიანი ვიდეომასალის გაცნობას ერთ კვირაზე მეტი არ სჭირდება – განაცხადა პროკურორმა, რომელიც არ დაეთანხმა მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატის შუამდგომლობას პროცესის ერთი თვით გადადების თაობაზე.
ირაკლი ნადარეიშვილის განმარტებით, ბრალდებულის ტაქტიკაა, გააჭიანუროს პროცესები და ადვოკატი ვალდებულია დაეთანხმოს ბრალდებულის პოზიციას.
„პროკურატურა არ აპირებს, დაეხმაროს მიხეილ სააკაშვილს საკუთარი ტაქტიკის განხორციელებაში“- განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილს სახაზინო ადვოკატი დაიცავს. სოფიო გოგლიჩიძე საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც მიხეილ სააკაშვილმა დაქირავებული ადვოკატების აცილება მოითხოვა.
დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა საქმის მასალების გასაცნობად ერთთვიანი ვადა მოითხოვა. შუამდგომლობას არ დაეთანხმა პროკურორი და სასამართლოს სთხოვა, ადვოკატისთვის მტკიცებულებების გასაცნობად ერთი კვირა მიეცა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით პროცესი 22 დეკემბერს ჩაინიშნა.
გირგვლიანის საქმის ამ ეპიზოდზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.