ირაკლი ნადარეიშვილი - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაუმჯობესების ტენდენციები ინვესტორთა ნდობასა და საქართველოს ბიზნესგარემოს მიმართ პოზიტიურ მოლოდინზე მიანიშნებს
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაუმჯობესების ტენდენციები ინვესტორთა ნდობასა და საქართველოს ბიზნესგარემოს მიმართ პოზიტიურ მოლოდინებზე მიანიშნებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ინვესტიციები ძირითადად მოზიდულ იქნა ისეთ სექტორებში, როგორებიცაა საფინანსო და სადაზღვევო სექტორი, დაახლოებით 255 მლნ აშშ დოლარი, ასევე ენერგეტიკასა და ვაჭრობის სექტორებში.
ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოს შესახებ წლების განმავლობაში ყალიბდებოდა უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი, საუკეთესო და მეგობრული საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის დადებითი იმიჯი. როგორც ნადარეიშვილმა აღნიშნა, „ეს განაპირობა თანმიმდევრულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში“.
„საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი წარმოადგენს“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში.
„ასევე ყურადღებას გავამახვილებ სპეციალურ შეთავაზებებზე, კონკრეტულ ინსტრუმენტებზე, რომლებსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სთავაზობს ინვესტორებს ამა თუ იმ სფეროში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10.3 პროცენტით გაიზარდა.