ირაკლი ნადარეიშვილი - მთავრობა კერძო სექტორთან ერთად ახორციელებს პროფესიული გადამზადების პროგრამებს, რომლებიც შედგენილია ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნების მიხედვით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ „საქსტატთან“ თანამშრომლობის ფარგლებში მომზადებული „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის“ კვლევის პრეზენტაციაში.
შეხვედრას საჯარო უწყებათა წარმომადგენლებთან ერთად, ბიზნესასოციაციებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა არსებული გამოწვევების ფონზე კვლევის მიგნებების მნიშვნელობას და სხვადასხვა უწყებათა თანამშრომლობას ამ მიმართულებით. იგი ასევე შეეხო IT კომპანიების მოზიდვის კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ მნიშვნელოვან აქტივობებს, რამაც უკვე გამოიღო შედეგი – საგრძნობლად გაიზარდა აღნიშნულ სექტორში დასაქმების მაჩვენებელი, ასევე ამაღლდა ადგილობრივი კადრების შესაძლებლობები.
კვლევის თანახმად, ბოლო ერთ წელიწადში 115,756 ვაკანსია გამოცხადდა, რომელთა 12% ვერ შეივსო. ამრიგად, კვლევამ ნათლად წარმოაჩინა მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი და მოთხოვნადი უნარების მქონე კადრების თვალსაზრისით არსებული გამოწვევა.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მთავრობა კერძო სექტორთან ერთად ახორციელებს პროფესიული გადამზადების პროგრამებს, რომლებიც შედგენილია ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნების მიხედვით.
„საერთაშორისო შრომის ბაზარზე ვითარება იცვლება, რაც ასევე აისახება საქართველოზეც. ბევრი პროფესია, რომელიც ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ იყო აქტუალური, დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ჩნდება ბევრი ახალი პოზიცია, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება კვალიფიციური მუშახელი. ეს დინამიური პროცესია. ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის გადამზადების სექტორის მეტი მოქნილობა მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
კვლევა განხორციელდა რაოდენობრივი მეთოდის გამოყენებით და გამოიკითხა 9 500 საწარმო, რომლებიც შეირჩა საქართველოში მოქმედი არაფინანსური და ფინანსური კორპორაციების მონაცემთა ბაზიდან.
პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის საინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.