ირაკლი ნადარეიშვილი ექსპორტის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს, ლორდ მალკომ ოფორდს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ექსპორტის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს, ლორდ მალკომ ოფორდს შეხვდა.
შეხვედრას დაესწრნენ გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი, სამინისტროს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის უფროსი მარიამ გაბუნია და საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი ვალერიან გვალია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით. აღინიშნა, რომ საგარეო ვაჭრობის ზრდადი დინამიკის მიუხედავად, პოტენციალი ამ მხრივ გაცილებით დიდია. რაც შეეხება თანამშრომლობას ინვესტიციების კუთხით, გაერთიანებული სამეფო ბოლო წლებში ტოპინვესტორი ქვეყნების სათავეშია.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით მნიშვნელოვანია კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე აყვანა. მისი თქმით, ორივე ქვეყნის მთავრობები ქმნიან მნიშვნელოვან პლატფორმებს იმისთვის, რომ უფრო მეტი ბრიტანული კომპანია იყოს წარმოდგენილი საქართველოში და პირიქით. ამ მხრივ, ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა ბიზნესფორუმებისა და სავაჭრო მისიების უფრო ხშირად ჩატარების საჭიროებას, რომლის დროსაც საქმიანი წრეები უკეთ შეძლებენ პარტნიორული კავშირების დამყარებას და შემდგომ განვითარებას.
„მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობაზე ტურიზმის სფეროში, რომელიც ასევე მზარდი დინამიკით ხასიათდება. ამავე დროს აღინიშნა, რომ ამ ტენდენციას კიდევ უფრო ხელს შეუწყობდა პირდაპირი ფრენების დაწყება საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში შექმნილ ვითარებასა და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დადგა როგორც გაერთიანებული სამეფო, ისე საქართველო. ამასთან, სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივით. აღინიშნა, რომ საქართველოზე გამავალ ე.წ. „შუა დერეფანს“ დიდი პოტენციალი აქვს. ასევე საუბარი წარიმართა კიდევ ერთ სტრატეგიულ მიმართულებაზე – შავი ზღვის ენერგოკაბელის პროექტზე. აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია. აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის არსებულ ჩარჩოებზე, როგორიცაა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“, რომლის მე-8 რაუდზეც მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივი ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე. დასასრულს, მინისტრის მოადგილემ ლორდი მალკოლმ ოფორდი პირადად მოიწვია თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც 26 – 27 ოქტომბერს გაიმართება. ირაკლი ნადარეიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გაერთიანებული სამეფო ფორუმზე მაღალი რანგით იქნება წარმოდგენილი“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.