ირაკლი ნადარეიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესთან ერთად დაიგეგმოს და ვიმსჯელოთ ყველა ნაბიჯზე, რომელიც სხვადასხვა დარგის გახსნის თვალსაზრისით განხორციელდება
ირაკლი ნადარეიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესთან ერთად დაიგეგმოს და ვიმსჯელოთ ყველა ნაბიჯზე, რომელიც სხვადასხვა დარგის გახსნის თვალსაზრისით განხორციელდება

ბიზნესის ეტაპობრივი გახსნის საკითხი განიხილეს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით შეხვედრა შედგა რესტორატორთა, სასტუმროების, მთის კურორტების, დისტრიბუტორებისა და სავაჭრო მოლების გაერთიანებების ხელმძღვანელებთან.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა მთავრობისა და უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება პირველი თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ. ამავე დროს, ბიზნესის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული პროცესი გაგრძელდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესთან ერთად დაიგეგმოს და ვიმსჯელოთ ყველა იმ შემდგომ ნაბიჯზე, რომელიც განხორციელდება შემდგომ ეტაპებზე სხვადასხვა დარგის გახსნის თვალსაზრისით. სწორედ ამ მიზნით დღეს ჩავატარეთ სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა ბიზნესგაერთიანების წარმომადგენლებთან. ვიმსჯელეთ იმ ეტაპებზე, რომლებიც შესაძლებელია იყოს განხილული პირველი თებერვლის შემდეგ, რათა საბოლოო ჯამში, ბიზნესი სრულყოფილად გაიხსნას და დარგებმა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ ოპერირება. ეკონომიკის სამინისტრო მუდმივ სამუშაო პროცესშია სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთან. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება განხორციელებული ამოცანები, რომლებიც ერთად გვაქვს დასახული ბიზნესის გახსნის თვალსაზრისით,“ – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.