ირაკლი მიქელაძე - ხელისუფლება ახორციელებს ზეწოლას ჩვენს კანდიდატებზე, ხდება სოლიდური თანხის შეთავაზებაც კი, რომ წარდგენების შემდგომ მათ გააკეთონ განცხადება ჩვენ გუნდის დატოვებასთან დაკავშირებით
ხელისუფლება ახორციელებს ზეწოლას ჩვენს კანდიდატებზე, ხდება სოლიდური თანხის შეთავაზებაც კი, რომ წარდგენების შემდგომ მათ გააკეთონ განცხადება ჩვენ გუნდის დატოვებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტიას „საქართველოსთვის“ კანდიდატების წარდგენები ძალიან მალე ექნება.
„ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ ზეწოლას ჩვენს კანდიდატებზე და რიგ შემთხვევაში ხდება სოლიდური თანხის შეთავაზებაც კი, რომ წარდგენების შემდგომ მათ გააკეთონ განცხადება ჩვენ გუნდის დატოვებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ ამის გამოცდილება ჩვენ გვაქვს ბათუმის ოფისთან დაკავშირებით. მინდა მივმართო ხელისუფლებას, რა ტიპის ძალადობაც არ უნდა განხორციელდეს, რა ტიპის ზეწოლაც არ უნდა განხორციელდეს, რა ტიპის მოსყიდვა და შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, ჩვენ თქვენ ნამდვილად ვერ შეგვაშინებთ და აუცილებლად, ქართველი ხალხი გიპასუხეთ არჩევნებზე. ეს პასუხი იქნება თქვენი ხელისუფლების ცვლილება, ეს არის ჩვენი გუნდის პოზიცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით“,- აცხადებს მიქელაძე.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ირაკლი მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე კონკრეტული გვარები არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ ადამიანების დაშინებისა, ისინი მათ აფრთხილებენ და ინფორმაციას აწვდიან.
„კონკრეტული მაგალითების მოყვანისგან სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია ჩვენამდე მოდის, რადგან ადამიანები, მიუხედავად მათი დაშინებისა აძლევენ თავს უფლებას, რომ გაგვაფრთხილონ ამის შესახებ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ბრიფინგის განხორციელება. დაშინების შემთხვევებიც არის და ხშირ შემთხვევაში სოლიდური თანხის შეთავაზებასაც კი ჰპირდებიან, თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ და წარდგენების შემდგომ საჯაროდ გააკეთებენ განცხადებას, დატოვებენ ჩვენს გუნდს. დაშინება მიმდინარეობს პროპორციულ სიაზეც, მაჟორიტარებზეც და ყველა სხვა იმ ადამიანზეც, ვისზეც თვლიან რომ მიუწვდებათ ხელი და ფიქრობენ, რომ აქვთ იმის უნარი, შეიძლება მათთან მუშაობა, მთელი აჭარის მასშტაბით“, – განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.