ირაკლი მეზურნიშვილი - უნგრეთმა მტკიცე მხარდაჭერის იმედი მოგვცა, დააფიქსირებს ცალსახა პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი აცხადებს, რომ უნგრეთის პარლამენტში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა.
როგორც მეზურნიშვილმა აღნიშნა, მოლაპარაკება შედგა იმ ბოლო ფაზასთან დაკავშირებით, რომელიც შემდეგ კვირაში გაიმართება, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის.
„სასიხარულოა, ასეთი ძლიერი პარტნიორი და მეგობარი გვყავს, რომელმაც მტკიცე მხარდაჭერის იმედი მოგვცა, რომ უნგრეთი დააფიქსირებს ძალიან ცალსახა პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ვფიქრობ, ასეთ გადამწყვეტ მომენტში ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. ზოგადად, ძალიან ბევრი ფასეულობა გვაერთიანებს უნგრეთთან. დაიგეგმა მომავალშიც პარლამენტის სპიკერის შეხვედრები. ეს ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. უნგრეთი აფასებს ყველა იმ რეფორმას, რაც გატარდა ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.