ირაკლი მეზურნიშვილი - სოციალური გაზის ნაწილში მოსახლეობას საფასური ერთი თეთრითაც არ გაუძვირდება
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტი განიხილება, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ირაკლი მეზურნიშვილმა ცვლილებებზე ისაუბრა.
„ჩვენი გაზიფიცირების არეალი საქართველოში არ იყო ისეთი სათანადო, როგორიც არის დღეს და საერთოდ, 2021 წლის ბოლოს 95%-მდე ავდივართ, ფაქტობრივად, სოციალური გაზის ნაწილი მაგ დროისთვის უნდა დასრულდეს. აქედან გამომდინარე, როდესაც მივიღეთ ნავთობპროდუქტებზე აქციზის შემოღება, გვქონდა განცდა, რომ სოციალურ ნაწილში, რადგან თხევადი გაზი მიეწოდებოდა მაღალმთიან რეგიონებს და ასე შემდეგ, მათთვის ცალკე, 120 ლარი ყოფილიყო შეღავათი. იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც გაზი შემოჰქონდათ ავტომობილებისთვის, ისინი იხდიდნენ 300 ლარს – 120+180. კომპანია, რომელიც იტყვის მე ამას გავაძვირებ, რადგან გაზს შემოვიტან და ჩემი მოგების მარჟა იგივე დავტოვო, ეს ნიშნავს იმას, რომ ღიად თქვას, ფაქტობრივად, იყენებდა ამ ხარვეზს, რათა მისი მოგების მარჟა ყოფილიყო უფრო მაღალი. ჩვენ უნდა შევჯერდეთ და ვიმსჯელოთ“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.
მისივე თქმით, მოცემულ ვარიანტში, რომლის ინიცირებაც დღეს მოხდა, საერთოდ არაფერი არ იზრდება, ეს არის უბრალოდ ადმინისტრირების ხარვეზების გასწორება, რადგან ბიუჯეტში ცალსახად დანაკლისია.
„რაც შეეხება სოციალურ ნაწილს – აქ დაისვა კითხვა, 120 ლარი თუ იყო სოციალური გაზი და ხდება 300 ლარი, როგორ შეიძლება ლოგიკურად ჩავთვალოთ, რომ არ გაიზრდება სოციალური გაზის ნაწილში? აქ არის მარტივი მოცემულობა – როდესაც 120 ლარად გაკეთდა შეღავათი, მოლოდინი უნდა ყოფილიყო, რომ გაცილებით იაფი ყოფილიყო გაზი მოსახლეობისთვის, ვიდრე არის დღეს. განბაჟება რომ ვნახოთ, თვითღირებულება და ასე შემდეგ, თუ რა მარჟაზე მუშაობენ დღეს კომპანიები, დღეს ის ფასი ნამდვილად არ უნდა ღირდეს. ეს არის მოგების მარჟა და არ არის ისე, რის გამოც ჩვენ ეს გავაკეთეთ 2017 წელს. ჩვენ გვაქვს ვარაუდი, რომ კონკურენციის პირობებში გამოჩნდებიან ახალი მოთამაშეები, რომლებიც მოსახლეობას ძველი ფასით მიაწვდიან სერვისს და მოსახლეობის ნაწილი მათი მომსახურებით ისარგებლებს. მე დავაყენე საკითხი და სოციალურ ნაწილში ერთი თეთრითაც არ გაუძვირდებათ არც ერთ მოსახლეს საფასური. ათასობით მოსახლე არის დარჩენილი, რომელიც სარგებლობს თხევადი აირით და მათ ეს არ გაუძვირდებათ. ამის გადასაზღვევად ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა ეკონომიკის სამინისტროსთან და დღეს ოფიციალური წერილი მოვიდა, სადაც მინისტრი საუბრობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ არ გამოჩნდნენ ახალი მოთამაშეები და კომპანიები ორი ლარით გააძვირებენ ბალონების თხევადი გაზით შევსებას, მაგ შემთხვევაში ჩვენ სრულ სუბსიდირებას გავაკეთებთ, ეს იქნება საბიუჯეტო კოდი, სადაც ყველა მოქალაქეს დაუსუბსირდირდება სოციალური გაზის ნაწილი“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.