ირაკლი მეზურნიშვილი - ინფლაციაზე ლარის კურსიდან წამოსული ზემოქმედების შესამცირებლად ეროვნული ბანკი ნაბიჯებს არ დგამს, რაც გაუგებარია
გაუგებარია, რატომ არ დგამს ეროვნული ბანკი ნაბიჯებს, რომ ლარის კურსიდან წამოსული ზემოქმედება ინფლაციაზე შეამციროს, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.
მეზურნიშვილი მიიჩნევს, რომ სწორი მართვის შემთხვევაში, გაცვლითი კურსი უფრო დაბალი უნდა იყოს.
„გუშინ მხოლოდ პროცენტების გაზრდაზე მოვისმინეთ, რაც საფრთხეს უქმნის დასაქმებას და ეკონომიკურ ზრდას. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერთობლივი მოთხოვნა სუსტია. თუ ეს ასეა, პროცენტების აწევა ამ შემთხვევაში ნაკლებად ეფექტურია და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს. ეს არ არის სწორი პასუხი შექმნილ პრობლემაზე. ამასობაში ვაჭრობა 2.97-2.98 კურსით ხდება და გარეთ კურსი უკვე 3.0 ნიშნულს აღწევს – ეს არ არის სწორი მართვა. ძირითადი მონაცემების გათვალისწინებით და სწორი მართვის პირობებში, გაცვლითი კურსი უფრო დაბალი უნდა იყოს“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
20 ნოემბერს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დადგენილების პროექტი განიხილეს, ქვეყანაში არსებულ მაკროეკონომიკურ გარემოზე, ინფლაციასა და პროგნოზებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ისაუბრა.
გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელზე, რომელიც 2020-2022 წლისთვის სამი პროცენტით განისაზღვრა.
კობა გვენეტაძის განცხადებით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის შესამცირებლად, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო და სექტემბერსა და ოქტომბერში საპროცენტო განაკვეთები ეტაპობრივად, 8.5 პროცენტამდე გაიზარდა:„დღევანდელ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გაგრძელდება, სანამ პროგნოზი დაგვანახებს, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზემოქმედება განეიტრალდა“.