ირაკლი მეზურნიშვილი - ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ლარის კურსის სტაბილურობა
ირაკლი მეზურნიშვილი - ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ლარის კურსის სტაბილურობა

ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ლარის კურსის სტაბილურობა, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების სხდომაზე, სადაც გიორგი გახარიასა და მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენა მიმდინარეობდა.

„ცალსახად ჩანს, რომ ლარი ზედმეტად გაუფასურებულია. სხვა ყველა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში ჩვენ გვაქვს მართლაც სტაბილურობა, მაგრამ როდესაც ჩვენი ქვეყნა დამოკიდებულია იმპორტზე, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმზე გვაქვს, რა თქმა უნდა, გაცვლითი კურსი ცალსახად ისახება ფასების ზრდაზეც. ჩვენ ვნახეთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივს უკვე ასცდა. როგორია თქვენი ფისკალური და მონეტარული ხედვა ლარის კურსის სტაბილიზაციასთან დაკავშირებით?“ – ამ შეკითხვით მიმართა მეზურნიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.

ირაკლი მეზურნიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამომწვევი  ობიექტური ფაქტორებისა – საგარეო შოკი, რეგიონალური ვითარება, ეკონომიკური მდგომარეობა იმ ქვეყნებში, რომლებთანაც საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები აქვს, 20 ივნისის მოვლენები – არსებული მდგომარეობა მძიმეა ბიზნესისთვის.

„მთავარ სავაჭრო პარტნიორთან – თურქეთში, ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომაროება იყო ბოლო წლებში და ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან სერიოზული დევალვაცია განიცადა თურქულმა ლირამ. ასევე, არასტაბილური მდგომარეობაა ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორთან – რუსეთში, რომლის ეკონომიკაც ფაქტიურად არ იზრდება და სტაგნაციაშია. ამ ფაქტორებმა, არასტაბილურმა პოლიტიკურმა სიტუაციამ, 20 ივნისის მოვლენებმა, რა თქმა უნდა, ცალსახად, კიდევ ერთხელ გააჩინა ნეგატიური მოლოდინები, რაც, რა თქმა უნდა, მოქმედებს ლარის კურსზე.

მესმის, რომ მცურავი კურსია. სხვა ქვეყნებშიც არის მცურავი კურსი. ზოგადად ბიზნესისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის და საზოგადოების თითოეული წევრისთვის ძნელია ყოველდღიურად, 5 საათზე,  შიშის თვალით უყურებდეს ლარს კურსს ეროვნული ბანკის საიტზე. ეს მართლაც მძიმეა ჩვენი ბიზნესისთვის და ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.​