ირაკლი მექვაბიშვილი - ვაკვირდებით არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის, არამედ სხვა პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებსაც  
ირაკლი მექვაბიშვილი - ვაკვირდებით არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის, არამედ სხვა პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებსაც  

აუდიტის სამსახური პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისთვის ექიმების მიერ შემოწირულობის სახით გადარიცხული თანხების შესწავლას სასამართლოდან შესაბამისი წვდომის მიღების შემდეგ დაიწყებს, – ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა განაცხადა.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის შეფასებით, მისი უწყება ყველა იმ თანხის წარმომავლობას შეისწავლის, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატების დასაფინანსებლად ირიცხება.

„ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით საარჩევნო პროცესს. ჩვენი მანდატის ფარგლებში ვახორციელებთ ძალიან დეტალურ მონიტორინგს ყველა ფინანსურ ტრანზაქციაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, მივმართეთ სასამართლოს, ვინაიდან ჩვენ პირდაპირი წვდომა არ გვაქვს პირად ინფორმაციასთან და სასამართლოდან გამოთხოვისთანავე, აუცილებლობის შემთხვევაში, კონკრეტულ შემომწირველებთან გასაუბრება მოხდება, რომლებმაც უნდა დაასაბუთონ შემოსავლის წყაროები. ეს სამუშაო პროცესია. ჩვენ ვაკვირდებით არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გადმორიცხულ თანხებს, არამედ სხვა პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებსაც, ამიტომ ყველა თანხა, რომელიც კანდიდატების სასარგებლოდ შემოდის, ჩვენი შესწავლის საგანია“, – განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რათა მიიღოს წვდომა იმ პირთა დეკლარირებულ შემოსავლებზე, რომლებმაც 1-5 ოქტომბერს სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტს თანხა გადაურიცხეს. მათ შორის არის რამდენიმე ექიმიც, რომლებმაც შემოწირულობა სალომე ზურაბიშვილის ჩაურიცხეს.