ირაკლი მექვაბიშვილი - კურსის ცვლილებიდან გამომდინარე, საგარეო ვალის მოცულობა წელს უკვე 211 მლნ ლარით გაიზარდა
ვალუტის კურსის ცვალებადობიდან გამომდინარე, წელს საქართველოს საგარეო ვალი უკვე 211 მლნ ლარით გაიზარდა, – ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აუდიტის დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ აუცილებელია, მთავრობას ჰქონდეს საგარეო ვალის მართვის სტრატეგია, სადაც ზუსტად გაიწერება პარამეტრები, რა პროპორციით შეიძლება იყოს შიდა ვალი აღებული და რა პროპორციით – საგარეო.
„ამ შემთხვევაში, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვინაიდან ჩვენ საგარეო ვალში დაახლოებით 70 პროცენტი სახსრებისა უცხოურ ვალუტაში არის ნასესხები, აქედან გამომდინარე, მთავარი რისკფაქტორია კურსის ცვალებადობა და ამაზეა დასკვნაში ყურადღება გამახვილებული. ვამბობთ, რომ გვჭირდება ვალის მართვის სტრატეგია, სადაც იქნება ყველა პარამეტრი გაწერილი. ეს არის ჩვენი პოზიცია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საგარეო ვალში არის უცხოური ვალუტა, უფრო მგრძნობიარე ვართ, ჩვენი ბიუჯეტი მგრძნობიარეა კურსის ცვალებადობიდან გამომდინარე. წელს უკვე 211 მლნ ლარით გაიზარდა ჩვენი ვალის მოცულობა კურსის ცვლილებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.