ირაკლი მენაღარიშვილი - განცხადებები, რომლებიც უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მხრიდან კეთდება, სრულიად ადეკვატური, საკმარისად მოზომილი და პრინციპულია
მეჩვენება, რომ განცხადებები, რომლებიც საქართველოს მთავრობის მხრიდან კეთდება, სრულიად ადეკვატურია, საკმარისად მოზომილი, საკმარისად პრინციპულია და ტოვებს, საშუალებას უფრო მკვეთრი და მწარე შეფასებების გაკეთების, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პოლიტოლოგმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი მენაღარიშვილმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
„ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო უფრო მკვეთრ და მკაფიო ქმედებებში მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა მენაღარიშვილმა.
მისი თქმით, რუსეთმა უნდა დაინახოს, რომ უკრაინა მართლაც ერთიანად დადგა ფეხზე, რუსეთის გამჩერებელი ამ წუთში მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალა და უკრაინელი ხალხის ერთიანობაა.
„საერთაშორისო თანამეგობრობის როლი უზარმაზარია, ძალიან დიდი, მაგრამ ამას დროზე ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. ძალიან ვშიშობ, რომ ბევრი შესაძლებლობა საერთაშორისო თანამეგობრობამ უკვე ხელიდან გაუშვა. ის, რომ ეს ნაბიჯები დროზე არ გადაიდგა, ყველაფერი ეს რუსეთს კიდევ უფრო უბიძგებს თავხედურად იმოქმედოს. საჭიროა, დასავლეთიდან სასწრაფოდ უმკაცრესი განცხადებები და უმკაცრესი ნაბიჯები. ოღონდ პრაქტიკული ნაბიჯები. ლაპარაკია რუსეთთან ვაჭრობის შეზღუდვაზე, ეს რა თქმა უნდა, ეფექტს ერთ დღეში არ მოიტანს, მაგრამ ამის გამოცხადება იქნება უზარმაზარი ეფექტის მქონე. დასავლეთმა რუსეთის ასეთ თავაშვებულ საქციელს ზღვარი უნდა დაუდოს. საფრთხეა ეს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეალური საფრთხეა მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის. რუსეთის მკვეთრად გამოკვეთილი გეგმაა, საბჭოთა კავშირის დაბრუნება ისტორიის არენაზე. ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის ამისთვის ბრძოლაა ჩვენი საქმე, თორემ ჩვენ წარსულში დაგვაბრუნებენ. ამისთვის საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, ოღონდ აქ ყველაზე საშიში ურთიერთდაპირისპირება და ურთიერთშუღლია. ის რომ ხელისუფლებას აკრიტიკებენ ნორმალური მოვლენა, მაგრამ როდესაც ეს კრიტიკა კრიტიკისთვის და არა გულწრფელი მოსაზრებებით, ეს დამანგრეველია. ხელისუფლებამ ისე, როგორც საზოგადოებამ, შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, ოღონდ დაფიქრებით, წინასწარ გათვლით და გონივრულად“, – განაცხადა მენაღარიშვილმა.