ირაკლი ლექვინაძემ და იგორ დოლგოვმა საქართველოსა და უკრაინის კონკურენციის უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.
სააგენტოს ინფორმაციით, მხარეებმა კონკურენციის სფეროში საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის განვითარების აქტუალური საკითხები განიხილეს და კავშირების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და უკრაინის ანტიმონოპოლიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს, უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიის გაუმჯობესების მიმართულებებს, არსებულ გამოწვევებსა და გამოცდილების გაზიარების მექანიზმებს.
სამუშაო შეხვედრები მომავალშიც შედგება.
ირაკლი ლექვინაძემ იგორ დოლგოვს, 2020 წლის 18 თებერვალს, თემაზე „თანამშრომლობის შესაძლებლობები საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთან“ დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ოფიციალურად მიიწვია.